07:32 22 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ნინო ლომჯარია

საჯარო სკოლები, სადაც ანტისანიტარიისა და უწყლობის პრობლემაა

© FB / Ombudsman
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში-2018 (278)
103 0 0

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ექსპერტებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 108 საჯარო სკოლაში შეამოწმეს რამდენად უსაფრთხოა სასმელი წყალი და დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები.

2018 წელს ექსპერტებმა სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები გამოკითხეს, შეისწავლეს შიდა რეგულაციები და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ინფორმაცია დაამუშავეს. კვლევა „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში" სახალხო დამცველის აპარატმა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა.

„ჩატარებულმა კვლევამ კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა არსებული პრობლემები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და ხელს უშლის მათ განათლების უფლების ეფექტურ რეალიზებაში", – ნათქვამია განცხადებაში.

მონიტორინგმა გამოავლინა, რომ საპირფარეშოები და ობიექტები, სადაც ბავშვებმა წყალი უნდა დალიონ, გაუმართავია, რიგ შემთხვევებში სრული ანტისანიტარია სუფევს. გარდა ამისა, შემოწმებულებიდან 18 სკოლაში საერთოდ არ არის სასმელი წყალი. წყლის არარსებობა პრობლემას უქმნის როგორც მოსწავლეებს, ისე სკოლის თანამშრომლებსა და დამლაგებლებს.

ომბუდსმენის აპარატის წევრებმა სკოლებში არაიზოლირებული და გასარემონტებელი საპირფარეშოები დააფიქსირეს. მათ შორის იყო ისეთიც, რომელსაც არ ჰქონდა კარი, არ მუშაობდა ხელსაბანი, არ ფუნქციონირებდა საკანალიზაციო სისტემა.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გამოავლინა, რომ შემოწმებული სკოლების უმრავლესობაში (71.3%) საერთოდ არ ჩატარებულა სასმელი წყლის მონიტორინგი. გარდა ამისა, სკოლების უმეტეს (77,4%) ნაწილში წყლის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური შიდა რეგულაციები არ არის.

ფინანსური თუ ტერიტორიული პრობლემების გამო ზოგიერთ საჯარო სკოლას საკუთარი ინიციატივით წყლის ვარგისიანობის აკრედიტებულ ლაბორატორიებში შემოწმების შესაძლებლობა არ გააჩნია. ამასთან, სკოლების ხელმძღვანელობა ინფორმირებული არ არის, რომელმა უწყებამ უნდა განახორციელოს მონიტორინგი და, საერთოდ, როგორ უნდა შემოწმდეს წყალი. 

საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის და სანიტარიის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული პრობლემები საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარალამენტო ანგარიშშიც მოხვდა. როგორც ანგარიშში იყო აღნიშნული, ქვეყნის მასშტაბით წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა 94 საჯარო სკოლას, 2 084 საჯარო სკოლიდან მხოლოდ მცირე ნაწილში მოწმდებოდა წყლისა და სანიტარიული ნორმების დაცულობა.

სკოლები, სადაც წყალზე წვდომა არ არის

რეგიონი სკოლების რაოდენობა სკოლების რაოდენობა, სადაც წყალი არ არის
სამეგრელო-ზემო სვანეთი 222 6
მცხეთა-მთიანეთი 88 13
გურია 112 4
აჭარა 255 6
სამცხე-ჯავახეთი 168 24
რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი 65 1
იმერეთი 379 17
ქვემო-ქართლი  253 18
კახეთი 192 1
შიდა-ქართლი 163 4

 

ამასთან, მონიტორინგმა გამოავლინა რიგ სკოლებში სასადილოების არარსებობა, რის გამოც მოსწავლეები ხშირად საკვებს სკოლასთან ახლოს მდებარე მაღაზიებში ყიდულობენ, სადაც პროდუქციის ხარისხს არავინ ამოწმებს.

საქართველოს სახალხო დამცველის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 108 შემოწმებული სკოლიდან მხოლოდ 18-ში იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

სახალხო დამცველის აპარატი ხელისუფლებას რეკომენდაციას აძლევს – სკოლებში ხელმისაწვდომი გახდეს წყალი, გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ჩატარდეს სასმელი წყლის მონიტორინგი და აღმოიფხვრას ანტისანიტარიასთან დაკავშირებული პრობლემები.

საქართველოს განათლების სამინისტროში სახალხო დამცველის ანგარიშს მიესალმებიან და დოკუმენტში დასახელებული პრობლემების არსებობას ადასტურებენ.

განათლების მინისტრის მოადგილის ნათია ზედგენიძის განცხადებით, შემუშავებულია კონკრეტული გეგმა, რომელიც სისტემურ მიდგომაზეა დაფუძნებული. 2019 წელს თბილისში, იმერეთსა და შიდა ქართლში რვა ახალი სკოლა აშენდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF) დამატებით 27 ახალ სკოლას ააშენებს. წელს სარემონტო სამუშაოები 234 სკოლაში ჩატარდება, ნაწილობრივ განახლდება 31 სკოლა.

 

თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)

მთავარი თემები