დაჯარიმდა თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების მიმწოდებელი კომპანია

© Sputnik / STRINGERსაბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი
საბავშვო ბაღის სათამაშო მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვების პროდუქტების შემოწმებისას ნორმებისადმი უმნიშვნელო შეუსაბამობა გამოვლინდა

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. კომპანია „ნილი“, რომელიც თბილისის საბავშვო ბაღებს კვების პროდუქტებით ამარაგებს, პროდუქციის ცხიმიანობის მცირე შეუსაბამობის გამო, 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

დედაქალაქის მერიის შიდა აუდიტმა გასულ წელს აიღო თევზის ნიმუშები, შეამოწმა ცხიმიანობაზე, ასევე ტყვიისა და კადმიუმის შემცველობაზე. ასევე აიღეს ყველის, ხაჭოს, კარაქის, არაჟნის, მაწვნის, რძის ნიმუშები ფხვნილისა და მცენარეული ზეთის შემადგენლობის შესამოწმებლად. პროდუქტები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და ხარისხის ლაბორატორიაში (LLC Quality Lab) შეამოწმეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
მასობრივი მოწამვლა თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში

კვლევებმა აჩვენა, რომ თევზში 7% ცხიმის ნაცვლად იყო 6%-6,8% ცხიმი, რაც დადგენილ ნორმაზე 0,2%–ით ნაკლებია; ხაჭოში 6%–ის ნაცვლად დაფიქსირდა 5,7% ცხიმი. მესამე შემთხვევაში ტომატის პასტის ნიმუშებში 22%-დან 24%-მდე მასაში სხვაობაა, რაც 2%-იანი ცვლილებაა. ყველის ნიმუშებში ნატურალური რძის ნაცვლად რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვმა ცხოველური დანამატები და ზეთები არ მიიღოს. ამიტომაც, კონტრაქტორი ვალდებულია, რომ მთავრობის დადგენილების სტანდარტები დააკმაყოფილოს“, – განაცხადა ელოშვილმა.

ელოშვილის თქმით, საბავშვო ბაღებში კვების პროდუქტების ხარისხის თემამ ბოლო დროს გაუგებარი აჟიოტაჟი გამოიწვია, ხოლო პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშობლები დაარწმუნონ, რომ ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

„პირველ რიგში, მინდა მივმართო მშობლებს და არა ოპოზიციას და ავუხსნა, თუ რა ზომებს იღებს თბილისის მერია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღებში აღსაზრდელების კვება ხარისხიანი და უვნებელი იყოს“, – განაცხადა ელოშვილმა.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
რატომ გაათავისუფლეს თბილისის ოთხი საბავშვო ბაღის დირექტორი

თბილისის საბავშვო ბაღების მონიტორინგს რამდენიმე ინსტიტუტი აწარმოებს, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სააგენტო. ისინი ამოწმებენ 180–ვე საბავშვო ბაღს თბილისში. კერძოდ, ამოწმებენ ბაღის სამზარეულოს ჰიგიენური ნორმებს, შენახვის პირობებს, ასევე, ტარდება ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე.

„მსგავსი კვლევები 180-ვე ბაღში არაერთხელ ჩატარდა და არანაირი გადაცდომა ან დარღვევა არ დადასტურებულა“, – აღნიშნა ელოშვილმა.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, საბავშვო ბაღებს ასევე ამოწმებენ საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების წარმომადგენლები. ისინი წელიწადის განმავლობაში დაახლოებით 1,1 ათას შემოწმებას ატარებენ, ამოწმებენ არა მხოლოდ კვების პროდუქტების შენახვის პირობებს, მენიუს შესატყვისობას, არამედ დამზადებული კერძების რაოდენობას, მათ ხარისხს, ვადებს, სამზარეულოში მომუშავე პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის ნორმების დაცვასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას.

ვიცე–მერის თქმით, საბავშვო ბაღების გაუფრთხილებლად შემოწმება მომავალშიც გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0