საქართველოში წითელას 580 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო სამ დღეში ვაქცინაცია 12 ათასმა მოქალაქემ ჩაიტარა, თუმცა პაატა იმნაძე მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველოში ამ დროისთვის წითელას 580 შემთხვევაა რეგისტრირებული, იუწყება ტელეკომპანია Imedi დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

აუცრელ სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და ბაღის აღსაზრდელებს, შესაძლოა, სტატუსი შეუჩერდეთ>>>

ბოლო პერიოდში საქართველოში წითელას ვირუსის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და მას შეიძლება წითელას ეპიდაფეთქება ეწოდოს.

„ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისათვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და, არასრული მონაცემებით, ბოლო სამ დღეში 12 ათასამდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს აცრების გარდა", – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს ციხეებში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით წელს საქართველოში ყველა მოქალაქისთვის წითელას ვაქცინაცია უფასო გახდა.

წითელას მასიური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს მთავრობამ 18 იანვარს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის სხვადახვა უწყებებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ.

ამავე განკარგულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარები საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო ბაღებში ორი თვის ვადაში აცრის დამადასტურებელ ცნობას არ წარადგენენ, შესაძლოა, მათ სტატუსი შეუჩერდეთ.

წითელას აცრა, ეროვნული კალენდრის მიხედვით, სავალდებულო ვაქცინაციის სიაშია შეტანილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველო ევროპის იმ ქვეყნების სიაშია, სადაც წითელას ინფექციური დაავადება ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფექცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით. ძირითადად ავადდებიან 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები. მისი მოხდის შემდეგ კი რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12-23 დღე. წითელას გართულება ფილტვების ანთებას, პნევმონიასა და შუა ყურის ანთებას იწვევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0