„მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი კელაპტრიშვილი გახდა

© photo: Only Georgian / FBგიორგი კელაპტრიშვილი
გიორგი კელაპტრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური შოუს გამარჯვებულმა საჩუქრად ოროთახიანი ბინა და მონაკოს საგზური მიიღო.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. მომღერალი გიორგი კელაპტრიშვილი ტელეკომპანია Rustavi2-ის პროექტ „მხოლოდ ქართულის" მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა, სიმღერის კონკურსის ფინალი ორშაბათს გაიმართა.

დასკვნითი კონცერტი გაიხსნა ანსამბლ „შვიდკაცასა“ და საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულებული სიმღერით „შემოდგომის ფოთლები", რომელიც 33 წლის ასაკში მოულოდნელად დაღუპული ჟურნალისტის ლევან ჩხაიძის ხსოვნას მიეძღვნა.

გადამწყვეტ ტურში ფინალში გასულმა ოთხეულმა ორ-ორი სიმღერა შეასრულა: ერთი კასტინგზე შესრულებული სიმღერა სიმფონიური ორკესტრისა და ანსამბლ „შვიდკაცას" თანხლებით, მეორე კი ქართველი მუსიკოსის გოგი დოლიძის რეპერტუარიდან ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით.

კონკურსანტებს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ესტრადის ვარსკვლავები ვახტანგ კიკაბიძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, ასევე ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია და ვოკალის პედაგოგი მარინა ბერიძე.

ფინალში გასულმა ერთადერთმა გოგონამ ნუცა თოფურიამ პირველ ტურში შეასრულა მაცაცო სებისკვერაძის მუსიკასა და დავით მაღრაძის ლექსზე შექმნილი „მეფის ქალი", მეორეში კი მარინა ლეკიშვილის „რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს".

მეორე ფინალისტმა გუგა მარგველაშვილმა „თეთრი ვარდები" და ზურაბ მჟავიას „ხმალი ავლესოთ" შეასრულა.

ფინალურ კონცერტზე ნოდარიკო ხუციშვილი მსმენელის წინაშე წარდგა ინოლა გურგულიას სიმღერით „სიზმარი" და ნუნუ დუღაშვილის მუსიკასა და ნიაზ დიასამიძის ლექსზე შექმნილი „მე თბილისის მოტრფიალე ვარ".

რაც შეეხება გიორგი კელაპტრიშვილს, მან ჟიურის ორი სიმღერა შესთავაზა – „ისევ შენ და ისევ შენ" და ზურაბ მჟავიას მუსიკასა და მურმან ლებანიძის ლექსზე შექმნილი „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო".

გიორგი კელაპტრიშვილმა მოახერხა როგორც ჟიურის, ისე მსმენელის მოხიბლვა. მან გამარჯვება შერეული კენჭისყრით – ჟიურის წევრებისა და მაყურებლის ქულების შეჯამებით მოიპოვა.

ბრეგვაძე ატირდა: როგორ გაცოცხლდა ქართველი მომღერალი თავის ვაჟში>>>

კელაპტრიშვილს ერგო კონკურსის მთავარი პრიზი სამშენებლო კომპანია „ეკო დეველოპმენტისგან". გამარჯვებულის სხვა პრიზებს შორის იყო მონაკოში „ფორმულა 1"-ის გრან-პრიზე საგზური, ბერლინში ერიკ კლეპტონის კონცერტზე დასასწრები ბილეთი, ასევე მისი სიმღერის ვიდეოკლიპის გადაღება.

გუგა მარგველაშვილმა პროექტის სპონსორებისგან ვენის მუსიკალურ აკადემიაში მასტერ-კლასების გავლის დაფინანსება მიიღო. ნოდარიკო ხუციშვილმა კი თურქეთის კურორტ ქემერში ორკაციანი საგზური მოიპოვა.

ტელეკომპანია Rustavi2-ის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულის გარდა, სამივე ფინალისტი მთელი წლის განმავლობაში 2-2 ათასი ლარის ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

გიორგი, გუგა, ნოდარიკო და ნუცა ასევე მიწვეული არიან დუბაიში დასასვენებლად. გარდა ამისა, პროექტში მონაწილე ყველა გოგონა კონკურსის სპონსორებმა მილანის საგზურებით დააჯილდოვეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0