საქართველოში სასწავლო პროცესი განახლდა

© photo: Tbilisi Experimental Public / FBპირველი ექსპერიმენტული სკოლა
პირველი ექსპერიმენტული სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დღეს დასრულდა არდადეგები, რომელიც გრიპის ვირუსის შემოტევის გამო გახანგრძლივდა.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გამო გახანგრძლივებული არდადეგები დასრულდა და დღეს სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სწავლის პროცესი აღდგა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გრიპის ვირუსის შემოტევის გამო ხელისუფლებამ ქვეყნის საჯარო სკოლებსა და თბილისის საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. სასწავლო პროცესი გადაიდო თბილისის ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელშიც.

განათლების სამინისტრო მიმართავს სასწავლო დაწესებულებებს, ვირუსების თავიდან ასაცილებლად შენობებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას და მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაბამისი რეკომენდაციები.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის ბაგა-ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა - ვიდეო

სამინისტრო ასევე დააკვირდება სკოლებში არსებულ ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ გადაწყვეტილებას სწრაფად მიიღებს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის შემთხვევები მცირდება. ხოლო რაც შეეხება წითელას ვირუსს, მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე სწავლის შეჩერების აუცილებლობა არ არის. სერგეენკომ განაცხადა, რომ თუ რომელიმე სკოლაში წითელათი დაავადების მაჩვენებელი გაიზრდება, იმ კონკრეტულ სკოლაში სწავლა ოთხი დღით შეწყდება.

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსია გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე მიმართვის მაჩვენებელი 450-ს გადააჭარბებს. H1N1 ტიპის ვირუსმა, ანუ „ღორის გრიპით" გამოწვეულმა გართულებამ დღემდე საქართველოში 17 ადამიანი იმსხვერპლა.

ქვეყანაში ასევე გავრცელებულია წითელა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, საქართველოში არსებული დღევანდელი მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა და ამას ეწოდება წითელას ეპიდაფეთქება. მინისტრი ყველა მოუწოდებს, ჩაიტაროს აცრა. აცრები წითელაზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უფასოა.

ყველა ახალი ამბავი
0