რუსთაველის გამზირზე აქცია „იცოდე მეტი გრიპის შესახებ“ გაიმართა

გამოწერა
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გრიპისა და ვირუსული დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით აქცია გამართეს.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე პარასკევს ღონისძიება „იცოდე მეტი გრიპის შესახებ“ გაიმართა.

ღონისძიება სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით  ჩატარდა. აქციის მთავარ მიზანს საზოგადოების ინფორმირება და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. წარმოდგენილი იყო ინსტრუქციები და რეკომენდაციები ისეთ საკითხებზე, თუ როგორ ამოვიცნოთ ვირუსი, ვინ მიეკუთვნება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს და როგორ ავირიდოთ ის.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
წითელას ეპიდემია ქუთაისში

აქციაზე თსსუ-ის სტუდენტების მიერ დარიგდა საინფორმაციო ფლაერები, გრიპის ვირუსის პრევენციისათვის საჭირო ძირითადი თავდაცვითი საშუალებები, პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები.

„გარდა სამედიცინო კადრების მომზადებისა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საზოგადოების განათლება ჯანმრთელობის მიმართულებით. აღნიშნული აქცია ემსახურება ბოლო პერიოდში სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ ვნებათაღელვას. ვცდილობთ, მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპისგან“, - განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მიხეილ დიაკონიძემ.

„ღორის გრიპი" მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც გრიპის პანდემიური ვირუსი А(H1N1) pdm09 იწვევს. ის ღორისგან და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში მიმდინარე ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსი, იგივე „ღორის გრიპი" საკმაოდ აგრესიული ფორმით გამოვლინდა. თბილისში სასწრაფო დახმარების სამსახური და საავადმყოფოების ნაწილი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

ვირუსი 1930 წელს რიჩარდ შოუპმა (აშშ) აღმოაჩინა. „ღორის გრიპი" გადაეცემა როგორც დაინფიცირებულ ორგანიზმთან უშუალოდ კონტაქტით, ისე ჰაერწვეთოვანი გზით.

მსოფლიოში H1N1 ვირუსი 2009 წელს გავრცელდა და მას პანდემიური უწოდეს, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო მასშტაბით პანდემია გამოიწვია. საქართველოში გრიპის ვირუსი, როგორც წესი, ძალას დეკემბრის შუა რიცხვებიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებში გრიპისმაგვარი დაავადებით მიმართვის მაჩვენებელი შემცირდა და 100 ათას მოსახლეზე 253 ადამიანს შეადგენს. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე მიმართვის მაჩვენებელი 450-ს გადააჭარბებს. H1N1 ტიპის ვირუსმა, ანუ „ღორის გრიპით" გამოწვეულმა გართულებამ დღემდე საქართველოში 17 ადამიანი იმსხვერპლა.

ყველა ახალი ამბავი
0