ილია მეორემ დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა

© photo: Sputnik / Stringerილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რვა ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვია.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

საქართველოში გლოვის დღეა – სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია>>>

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების კვეთაზე გუშინ, საღამოს ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული, მათგან ექვსი ბავშვია. დაშავებულთა უმეტესობა ამ დროისთვის უკვე გაწერილია. კლინიკაში რჩებიან ერთი ბავშვი, რომელსაც ღამით რთული ოპერაცია ჩაუტარდა, და ერთი ორსული.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია დიღომში – „სისხლის ბანკი" მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

„გამოვთქვამთ ჩვენ ღრმა მწუხარებას დიდ დიღომში გაზის აფეთქებით გამოწვეული ტრაგედიის გამო, რომელიც ყველას ტკივილად იქცა და მთელი ქვეყნის გულითადი თანაგრძნობა გამოიწვია. მეტად ძნელია მომხდართან შეგუება, მაგრამ ოჯახის წევრები და ახლობლები, ყველა თანამდგომი უნდა განამტკიცოს რწმენამ იმისა, რომ ჩვენგან წასულნი მხოლოდ გარდაიცვალნენ, ისინი ცოცხლები არიან, ოღონდ სხვა სახით, შეცვლილი სახით, აგრძელებენ ცხოვრებას, ახლა უკვე მარადიულ, წარუვალ სამყაროში, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მომხდართან დაკავშირებით დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, მთელი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა, თუმცა ადგილზე მისულმა გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებმა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. დამნაშავეებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0