საქართველოში პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა ამოქმედდა

© Sputnik / STRINGERკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი სისტემის დანერგვა პაციენტების სერვისის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს საჭირო ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი წვდომა ჰქონდეს.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელია, ვალდებულია სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში შეიყვანოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები დაასახელა>>>

სისტემაში თავს მოიყრის შემდეგი სახის ინფორმაცია: მონაცემები ჰოსპიტალიზაციის თითოეული ეპიზოდისა და ამბულატორიული ვიზიტის შესახებ; პროფილაქტიკური აცრების მონაცემები: ვაქცინაციის დასახელება და აცრების ცხრილი, ვაქცინაზე რეაქცია, უკუჩვენება; C ჰეპატიტის სკრინინგის თარიღი და შედეგი; ორსულობის საერთო რაოდენობა; მშობიარობის საერთო რაოდენობა; ბოლო ორსულობის/მშობიარობის თარიღი და სხვ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 2019 წლის 1 მაისიდან ელექტრონული ჩანაწერის წარმოების ვალდებულება სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ ყველა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებას ექნება. 1 სექტემბრიდან კი პროგრამაში ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან.

გრიპი საქართველოში - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა

ამასთან, 2020 წლის 1 იანვრიდან ყველა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება EHR სისტემაში ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შეიყვანოს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, EHR სისტემა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრული საცავია. სამედიცინო ჩანაწერები ინახება პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე და გარდაცვალებიდან 15 წლის განმავლობაში.

სისტემაში იქნება პაციენტების გვერდები, რომელთა დახმარებითაც ისინი შეძლებენ იპოვონ სისტემაში მათ შესახებ არსებული ინფორმაცია.

ახალი სისტემის დანერგვა პაციენტების სერვისის გაუმჯობესებისკენაა მიმართული, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს საჭირო ინფორმაციაზე დაუყოვნებლივი წვდომა ჰქონდეს. კერძოდ, ექიმი შეძლებს გაიგოს, პაციენტმა რა დაავადებები ან ინფექციები გადაიტანა, რა რისკები ან გართულებები შეიძლება წარმოიშვას და ა.შ.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მიღებული ტრავმის გამო უგონოდაა და არ შეუძლია ექიმს მიაწოდოს მკურნალობისთვის საჭირო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი და სხვ.), მედპერსონალი აღნიშნული ელექტრონული სისტემის საშუალებით შეიტყობს ყველა საჭირო მონაცემს.

ჯანდაცვის უწყების განცხადებით, EHR სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და "ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონები უზრუნველყოფს.

 

ყველა ახალი ამბავი
0