პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ საქართველოშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა

გამოწერა
ყველა პირი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი მარაგი მთელ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და უფასოდ გაიცემა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 13 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სააფთიაქო ქსელებში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიგზავნა.

დამატებითი მარაგის ქვეყანაში შემოტანისა და შესაბამის დაწესებულებებზე განაწილების პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირადად ესწრებოდა.

ყველა პირი პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ სააფთიაქო ქსელებში რეცეპტის, ხოლო საოჯახო მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #100-ის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს.

 „ტამიფლუსთან“ დაკავშირებით, გუშინდელი დღიდან ახალ პროტოკოლზე გადავერთეთ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები პრეპარატს დღეს 12:00 საათამდე გასცემენ ყველა ჯგუფზე. თორმეტამდე იმიტომ, რომ ამ დროისთვის დასრულდება ყველა რეგიონში სააფთიაქო დისტრიბუცია და უკვე მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, თბილისში დაემატა მესამე მიმართულება, ოჯახური მედიცინის ხუთ ცენტრში, რომლებიც 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. პაციენტს, რომელსაც ასეთი დიაგნოზი დაესმება და ექიმი საჭიროდ ჩათვლის ამ მკურნალობას, ადგილზე შეეძლებათ ასევე უფასოდ მიიღონ ეს პრეპარატი.

წვეთოვანი - Sputnik საქართველო
თბილისში მშობიარე გრიპით გარდაიცვალა

„ეს ნიშნავს, რომ უკვე გუშინდელი დღიდან დაწყებული და დღეს მთლიანად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვისაც ექიმის დანიშნულებით ეს მედიკამენტი სჭირდება, არის უფასო და დანახარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1 მძვინვარებს. ვირუსის გართულების გამო უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით გადაიდო სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში და თბილისის საბავშვო ბაღებში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი თებერვალ-მარტში გრიპის ვირუსის ახალ აფეთქებას არ გამორიცხავს. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის აცრის ჩატარებას ურჩევენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0