„ოჯახი – ეს მცირე ეკლესიაა": პატრიარქი საზოგადოებას ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდებს

© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა წყვილი ეკლესიაში
ახალგაზრდა წყვილი ეკლესიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ოჯახურ წყვილებს მიმართა

თბილისი,  7 იანვარი  – Sputnik.  ოჯახი – ეს მცირე ეკლესიაა, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ, ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
„ღირსეული თაობა უნდა აღვზარდოთ“ – სრულიად საქართველოს პატრიარქმა მრევლს შობა მიულოცა

საქართველოში მართლმადიდებლები ორშაბათს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — შობას აღნიშნავენ. შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა. საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. 
„ყველამ ვიცით, რომ იგი (ოჯახი – რედ.)  ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს, რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღე ისე არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

ბავშვები ოჯახური კამათის მოწმენი არ უნდა გახდნენ, მიიჩნევს პატრიარქი.

 „მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ასეთ ქმედებებზე; განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს“, – მიაჩნია მის უწმინდესობას.

ილია მეორემ ოჯახების დანგრევისა და წყვილების დაშორების მთავარი მიზეზი დაასახელა.

 „სამწუხაროდ, დღეს ხშირად ირღვევა ოჯახები, უმთავრესად ახლადშექმნილი. ვფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისთვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისთვის“, – ნათქვამია ეპისტოლეში.

კათოლიკოს–პატრიარქი დარწმუნებულია, რომ გაუგებრობა, რომელიც ერთობლივი თანაცხოვრების დასაწყისში ახალგაზრდა წყვილს შორის ჩნდება, შეიძლება გადაილახოს. 

მამუკა ბახტაძე და ილია მეორე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა

 „მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი;  ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და, ამავე დროს, შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემისა და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემის დამკვიდრების პერიოდი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

პატრიარქის მოსაზრებით, კარგია, როდესაც ცოლ–ქმარს ერთი მოძღვარი ჰყავს.

 „ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის ყოლას. ამასთან, კარგი იქნება თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ (რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა და სხვა მოძღვარიც ჰყავდეთ), რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს“, – დასძინა ილია მეორემ.

პატრიარქმა ყველას  მოუწოდა ისწავლონ ღმერთთან საუბარი

 „დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა. ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოც დაუცველობის განცდამ  სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი თავის იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

თავის ეპისტოლეში ილია მეორემ  შობა მიულოცა აფხაზებს, ოსებს, სომხებს, რუსებს, აზერბაიჯანელებს, ბერძნებს, ებრაელებს, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს და ასევე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს.

ყველა ახალი ამბავი
0