იუსტიციის სამინისტრო: ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს „ვეფხისტყაოსანი" გადაეცემა

© FB / Минобразования Грузииრუსთაველის „ვეფხისტყაოსანი"
რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეიდან ქორწინებას ახალი, თანამედროვე დიზაინის უნიფორმებში ჩაცმული რეგისტრატორები დაარეგისტრირებენ.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ყოველ ახალდაქორწინებულ წყვილს საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ქორწინების მოწმობასთან ერთად სამზითვო „ვეფხისტყაოსანი" გადაეცემა როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის სიმბოლო, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ქორწინების რეგისტრაციისას ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

„იუსტიციის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ აღადგინეს უძველესი ქართული ტრადიცია, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ „ვეფხისტყაოსანს" − ფასდაუდებელ საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს", – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„ვეფხისტყაოსნის" სასაჩუქრე ეგზემპლარი ცნობილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით არის გაფორმებული.

ასევე, ახალი სტანდარტების მიხედვით, დღეიდან რეგისტრატორებს საქართველოში მოქმედ ყველა საქორწინო სახლში, ასევე გასვლითი ქორწინებისას ახალი, თანამედროვე დიზაინის ერთიანი სტანდარტით შექმნილი უნიფორმები ეცმევათ. ქორწინების საზეიმო ცერემონიისას რეგისტრატორებისთვის განკუთვნილი ტანისამოსის ესკიზების ავტორი ქართველი დიზაინერი მაკა ჯაფარიძეა.

შოთა რუსთაველი - Sputnik საქართველო
თბილისში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ექსპონატი გამოიფინა

ამას გარდა, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქორწინების რეგისტრაციის მსურველი წყვილები ქორწინების თარიღის წინასწარ დაჯავშნას დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი ადგილიდან შეძლებენ. წყვილი სასურველ თარიღს, ქორწინების სახლს, სივრცესა თუ დარბაზს სააგენტოს ქორწინების სახლში წინასწარ გამოცხადების გარეშე შეარჩევს ვებ-გვერდზე www.sda.gov.ge.

უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან ახალი ქორწინების სახლები გაიხსნა და სივრცეები მოეწყო ზუგდიდში, გორში, ფოთში, ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგში, თიანეთში, ონში, ახალქალაქში. ასევე სპეციალური სადღესასწაულო სივრცე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსშიც მოეწყო. 2014 წელს კი შემუშავდა ქორწინების მოწმობის განახლებული, მაღალი სტანდარტის დიზაინი.

 

ყველა ახალი ამბავი
0