ბავშვები, რომლებსაც 1 იანვრამდე ექვსი წელი შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ

© photo: Sputnik / Besik Pipiaახალი სასწავლო წელი
ახალი სასწავლო წელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე წელს დაახლოებით 14 ათასი ბავშვი ვერ გახდა პირველკლასელი იმის გამო, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის ისინი ექვსი წლის არ იყვნენ.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. პირველკლასელის სასკოლო ასაკი, შესაძლოა, გადაიხედოს და პირველ კლასში მისვლა 1 იანვრამდე დაბადებული ბავშვებისთვისაც გახდეს შესაძლებელი, იუწყება ტელეკომპანია Imedi საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენადი მარგველაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ. სამინისტროში გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელს სწავლა ორი დღით გვიან - 17 სექტემბერს დაიწყო და 2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში მოხვდნენ ის ბავშვებიც, რომლებსაც ექვსი წელი 16-17 სექტემბერს შეუსრულდათ.

მარგველაშვილის განმარტებით, შესაძლოა, განხილული იყოს რამდენიმე ვარიანტი კერძოდ, პირველ კლასში დაუშვებენ ბავშვს, რომელსაც ექვსი წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან პირველ კლასში მიღებამდე, შესაძლოა, ორწლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.

ბავშვები პირველ კლასში მიდიან - Sputnik საქართველო
პირველ კლასში სექტემბერში 14 000 ბავშვი ვერ მოხვდება

მისი განცხადებით, სასკოლო ასაკი არ არის მაინც და მაინც ექვსი წელი, თუ ბავშვს გონებრივი მონაცემები ხელს უწყობს, შეიძლება ხუთი წლისაც მიიღონ პირველ კლასში.

2018-2019 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 48 ათასმა ბავშვმა გაიარა. დაახლოებით 14 ათასი ბავშვი კი ვერ გახდა პირველკლასელი იმის გამო, რომ სასწავლო წლის დაწყებისთვის მათ ექვსი წელი არ ჰქონდათ შესრულებული.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლებმა არაერთხელ მოითხოვეს მთავრობისგან კანონის შეცვლა, რათა ამ ბავშვებს მისცემოდათ შესაძლებლობა არ დაეკარგათ წელი, განათლების სამინისტროს პოზიცია ამ დრომდე არ შეუცვლია.

აღნიშნული სიახლე 2015-2016 სასწავლო წლიდან ამოქმედდა. მანამდე კი პირველ კლასში შესვლა ყველა იმ ბავშვს შეეძლო, ვისაც ექვსი წელი წლის ბოლომდე შეუსრულდებოდა. ანუ ბავშვები სწავლას ხუთი წლის ასაკშიც იწყებდნენ, და პირველი სასწავლო სემესტრის განმავლობაში მათ ექვსი წელი უსრულდებოდათ. ამას არ ეთანხმებოდნენ ფსიქოლოგები და თავად განათლების სამინისტრო. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ხუთი წლის ბავშვი სკოლისთვის მზად არ არის.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ წესის გამო სკოლაში 60 ათასზე მეტი ბავშვი ვერ წავიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0