ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა შესაძლოა შინაპატიმრობითაც დაისაჯოს

გამოწერა
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ზოოდამცველი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოველთა წამების ფაქტები გახშირდა

მერის განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სასჯელის სხვადასხვა სახე: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.

კალაძის განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა ბოლო პერიოდში დაფიქსირებულმა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებმა განაპირობა, რომელთა შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები.

„მინდა პარლამენტს თანამშრომლობისკენ მოვუწოდო. ამ რეგულაციებით შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, ცხოველების გადარჩენა და, მეორეც – ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება. მგონია, რომ ამ კანონპროექტს როგორც პარლამენტის, ასევე საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ექნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი („ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი სიკვდილი ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველების წამება“) ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით. იგივე ქმედება, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, არაერთხელ ან მცირეწლოვანთა თანდასწრებით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0