აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი იწყება

© photo: Sputnik / Igor Podgorny / გადასვლა მედიაბანკშიიხვები
იხვები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. აჭარა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 3-8 სექტემბრის პერიოდში ტარდება, რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხოელი სპეციალისტები ესტუმრებიან.

ფესტივალის განმავლობაში დღის პირველ ნახევარში ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე (ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი) გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები მოეწყობა, დღის მეორე ნახევარში კი სპეციალისტები ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ. 

ნადირობა - Sputnik საქართველო
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

ფესტივალში ჩართვა, გასვლით ტურებში მონაწილეობა და ლექციებზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. ამისთვის აუცილებელია ელექტრონული რეგისტრაციის გავლა ბმულზე goo.gl.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2012 წლიდან ტარდება. მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის. ფესტივალის მიზანია აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაცია.

მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება, როგორც ერთ-ერთი ტურისტული შეთავაზება, დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად მილიონზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. ამის გამო აჭარა მსოფლიოში ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს დერეფნად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონს, აჭარაში იგი 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0