ორი დღე გადაწყვეტილების შესაცვლელად – IBSU-ს სტუდენტები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავი ზღვის უნივერსიტეტმა ფინანსური დავალიანება კვირას, 26 აგვისტოს დაფარა.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ადმინისტრაცია და სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესაცვლელად 48–საათიან ვადას აძლევენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ჯარიმის გამო, რომელიც უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2013 წელს დაეკისრა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ გასულ კვირაში შავი ზღვის უნივერსიტეტს მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების მიღება აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ იმით ახსნა, რომ ფინანსურმა დავალიანებამ, შესაძლოა, სასწავლო პროცესს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

შავი ზღვის უნივერსიტეტმა ჯარიმა გადაიხადა – სტუდენტების ბედი კვლავ უცნობია>>>

ამასთან, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი IBSU-ში წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

აღნიშნული ჯარიმა, რომელიც 712 ათას ლარზე მეტს შეადგენდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კვირას, 26 აგვისტოს გადაიხადა. 

სტუდენტები - Sputnik საქართველო
შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ

ჯერჯერობით უცნობია, გააუქმებს თუ არა ავტორიზაციის საბჭო სტუდენტების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და სტუდენტებმა კი მისი შეცვლა უკვე მოითხოვეს. 

48–საათიანი ვადის ათვლა უახლოეს პერიოდში დაიწყება, აპელაციის შეტანიდან, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტს გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდება. 

"როდესაც ჩაგვბარდება ცენტრის გადაწყვეტილება, აპელაციას დაუყოვნებლივ შევიტანთ. მოვითხოვთ, ცენტრმა დაჩქარებულ ვადაში განიხილოს ჩვენი მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები გეგმავენ შიმშილობის აქციას“, – განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა სალომე სუხიაშვილმა.

გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია უკვე გამართეს, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. სტუდენტებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საქმეში ჩართვა და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების პირად კონტროლზე აყვანა მოსთხოვეს.

შავი ზღვის უნივერსიტეტს სოლიდარობა სხვადასხვა სასწავლებლების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

ამ დროისთვის შავი ზღვის უნივერსიტეტში ორი ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი ირიცხება და 400-მდე კვალიფიციური კადრია დასაქმებული.

ყველა ახალი ამბავი
0