საჯარო ბაღებში ჩარიცხვისთვის აცრების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულოა

CC0 / Pixabay / ვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტატისტიკა, თუ რამდენი აუცრელი ბავშვი ირიცხება საჯარო ბაგა-ბაღებში, სექტემბერში გახდება ცნობილი

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციისას მშობლები ვალდებულნი არიან აცრების შესახებ ინფორმაციაც წარადგინონ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
WHO: ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოში წითელა ყველაზე მეტადაა გავრცელებული

გვანცელაძის თქმით, შესაბამისი რეკომენდაცია ბაღების მართვის სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროდან გასულ წელს, წითელას შემთხვევების ზრდის ფონზე მიიღო. რეკომენდაციები ითვალისწინებს აცრების შესახებ აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ანუ ჯანმრთელობის ცნობა, ე.წ. ფორმა 100-ში აცრების ისტორიის მითითებას.

სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბაგა-ბაღებში კონსულტაციები მიმდინარეობს იმ მშობლებთან, რომლებიც უარს აცხადებენ შვილების აცრაზე. ასევე, თითოეულ ბაღს ჰყავს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კოორდინატორი, რომელიც აღსაზრდელებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს.

სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი აუცრელი ბავშვი ირიცხება საჯარო ბაგა-ბაღებში, სექტემბერში გახდება ცნობილი. წელს კი თბილისის საბავშვო ბაღებში დაახლოებით 17 ათას ახალ აღსაზღდელს ელოდებიან.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: სავალდებულო აცრების თავის არიდების გამო, შესაძლოა, მშობლებზე სანქციები დაწესდეს

მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. როგორც მან აღნიშნა, თუ ბავშვს სავალდებულო აცრები არ ექნება გაკეთებული, საბავშვო ბაღსა და სკოლაში, შესაძლოა, არ მიიღონ. შემდეგ ეტაპზე კი არ არის გამორიცხული, მშობლებზე სანქციებიც შემოიღონ.

მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მლნ ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წლამდე ბავშვია. ინფექციებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად ვაქცინაცია ითვლება. პედიატრების რეკომენდაციის მიუხედავად, მშობლების ნაწილი, სხვადასხვა მოსაზრების გამო, თავს არიდებს ბავშვების ვაქცინაციას.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 10 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები შემდეგ ინფექციებზე იცრებიან: B ჰეპატიტი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ. ამ დაავადებებს ძალიან მწვავე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0