06:04 24 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1063
  • 100 RUB4.1425
  • USD2.7082
ბედნიერება

თბილისს ახალი დასასვენებელი პარკები შეემატება

CC BY 2.0 / Parthiban Amarasigamani / Happiness
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (803)
64 0 0

საქართველოს დედაქალაქი ერთ სულ მოსახლეზე საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიის რაოდენობით ევროპის ქვეყნების სხვა ქალაქებს საგრძნობლად ჩამორჩება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა თბილისში პარკების კულტურა დავაბრუნოთ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისში, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, თემქის ხევში და გლდანში ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა იგეგმება. ამასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდება უკვე არსებულ პარკებს.

კალაძის განცხადებით, ე.წ. დიღმის ჭალებსა და თემქის ხევში ახალი პარკების გასაშენებლად სპეციალური კვლევა ჩატარდება.

„ეს არის ე.წ. დიღმის ჭალების ტერიტორია, სადაც ვფიქრობთ, რომ ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო პროექტი განხორციელდება, მათ შორის, მტკვართან სიახლოვის არსებობის მხრივ. მეორე ტერიტორია კი, ე.წ. თემქის ხევია, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია. მის გარშემო დაახლოებით 80 ათასი მოსახლეა, ახლოს არის თბილისის ზღვასთან და საპარკე-სარეკრეაციო სივრცის შექმნის თვალსაზრისით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს", – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან ერთად კალაძემ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ახალი პარკის მშენებლობის დაწყებაც დაანონსა. პროექტი 3 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდება. მერის განმარტებით, აღნიშნული პარკის პროექტი არსებობდა, თუმცა მასში გარკვეული ხარვეზები იყო.

მიმდინარე წელს იგეგმება, ასევე ორი დიდი პარკის, ე.წ. წურწუმიას პარკის და გოძიაშვილის სახელობის ე.წ. წითელი პარკის სრული რეაბილიტაცია. პარკების განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ასევე მომზადდება ქალაქში არსებული 12 დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები და მომავალი წლიდან თორმეტივე პარკის რეაბილიტაცია დაიწყება.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა პარკების კულტურა დავაბრუნოთ და ადამიანებს შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ პარკებში შესვლა სასიამოვნო იყოს. ამას საზოგადოებაც ითხოვს. არსებულ ინფრასტრუქტურას მოწესრიგება სჭირდება. რაც არ გაგვაჩნია, იმ ადგილზე ახალი უნდა შევქმნათ", — აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გასული საუკუნის მანძილზე ჩატარებული გამწვანების სამუშაოების მიუხედავად, თბილისი ერთ სულ მოსახლეზე საერთო სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიებით ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს საგრძნობლად ჩამორჩება.

საბჭოთა პერიოდის საქართველოს პირობებში მიღებული ნორმატიული აქტებით, ქალაქში, სადაც 0.5 მილიონ ადამიანზე მეტი ცხოვრობდა, ერთ სულ მოსახლეზე 15 მ² გამწვანებული ადგილი იყო სავალდებულო. თბილისის შემთხვევაში გამწვანების ნორმის მაჩვენებელი დადგენილ ნორმას 1983 წელს მიუახლოვდა და 13.0 მ² შეადგინა. მაგრამ 2001 წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირდა და ერთ მოქალაქეზე 5.6 მ² შეადგინა. დღეისათვის კი ეს მაჩვენებელიც თითქმის განახევრებულია.

თემები:
თბილისი დღეს (803)

მთავარი თემები