რა ფასი აქვს კალაძის სიტყვას – მეტროს მემანქანეები მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ

© photo: Sputnikმეტროსადგური
მეტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა გაფიცულ მემანქანეებს მერიის ფინანსური მდგომარეობა გააცნო.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს, ისინი „სიტყვაზე ენდნენ“ თბილისის მერს კახა კალაძეს, რომელმაც მათ პირობა მისცა, რომ ხელფასების მომატების საკითხს 2019 წელს განიხილავენ, ნათქვამია პროფკავშირები „ერთობა 2013"-ის Facebook-გვერდზე.

თბილისის მეტრო, რომელიც ორშაბათიდან არ მუშაობდა, ოთხშაბათს დღისით გაიხსნა. მემანქანეებმა გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შიდა კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. თბილისის მერი კახა კალაძე ბოლო წუთამდე აცხადებდა, რომ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" მეტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის იმხელა რესურსი არ გააჩნია, როგორც ამას მომიტინგეები მოითხოვენ. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას მოითხოვდნენ.

კონსენსუსი მიღწეულია – თბილისის მეტრო მუშაობას 14:00 საათიდან განაახლებს>>>

„მთავარი, რაზეც ორივე მხარე შევთანხმით — ჩვენი მხრიდან არ იყო ცალსახად დაყენებული მოთხოვნები ხელფასის დაუყოვნებლივი ზრდის შესახებ და ბატონი კახაც დაგვეთანხმა, რომ თანამშრომელთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ზრუნვა მისი, როგორც თბილისის მერის ვალდებულებაა. კახა კალაძემ პირობა დადო, რომ დედაქალაქის მთავრობა მომავალი წლიდან დაუბრუნდება ამ საკითხს და ჩვენ ერთობლივად განვიხილავთ შესაძლებლობებს, რათა გაუმჯობესდეს მემანქანეების შრომითი ანაზღაურება", — ნათქვამია განცხადებაში.

მეტროსადგური - Sputnik საქართველო
რა დაუჯდა თბილისის მერიას მეტროს გაფიცვა

კალაძემ მემანქანეებს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მდგომარეობა და თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობები გააცნო.

„პირველ რიგში გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას. ამასთან, რასაკვირველია, ვაცნობიერებთ თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და გვესმის, რომ ამ დღეების განმავლობაში ისინი მოკლებული იყვნენ სწრაფი და მოხერხებული გადაადგილების საშუალებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

პროფკავშირმა დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს მემანქანეების პროტესტის უკან გარკვეული პოლიტიკური ძალები იდგნენ.

„გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ ძალებს და ვმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად", — აღნიშნულია განცხადებაში.

მოგვიანებით განცხადება გააკეთა თავად კალაძემაც. გასულ დღეებს მერმა დედაქალაქისთვის და პირადად მისთვის რთული უწოდა.

„ეს საბოტაჟია“ — თბილისელები მეტროს გაფიცვამ აღაშფოთა>>>

„მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე, ქალაქის მერზეა. შესაბამისად, ეს ორი დღე ძალზე რთული იყო", — განაცხადა კალაძემ.

მერიის გადაწყვეტილებით, გაფიცვის გამო მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდნენ.

პროფკავშირების მონაცემებით, გაფიცვაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან 140-მა კი შიმშილობა გამოაცხადა. ისინი ხელფასების 45%-ით მომატებას მოითხოვდნენ.

მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათას ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა თავად მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

თბილისის მოსახლეობა 1 მილიონზე მეტს შეადგენს, თბილისის მეტროპოლიტენი კი დღეში საშუალოდ 300 ათას მგზავრს ემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0