მე–12 კლასის საატესტატო გამოცდებზე 11 ათასზე მეტი მოსწავლე ჩაიჭრა

© National Assessment and Examinations Centerსაგამოცდო აუდიტორია
საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის საატესტატო გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 000–ზე მეტმა მოსწავლემ ვერ გადალახა, ნათქვამია edu.aris.ge-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში.

„იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი, წინა წლების მონაცემების ანალოგიურია – 11 ათასზე მეტი. ამ რაოდენობაში შედიან ის მოსწავლეებიც, რომლებმაც ვერც წინა წელს ვერ გადალახეს ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში”, – აცხადებენ მაია მიმინოშვილის უწყებაში.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს მონაცემებს, რომელიც ასე გამოიყურება:

მე-12 კლასელთაგან ზღვარი წარმატებით დაძლია:

ქართული ენა და ლიტერატურა — 98%-ზე მეტმა

უცხოური ენა – დაახლოებით 94%-მა

ისტორია – 97%-ზე მეტმა

მათემატიკა – დაახლოებით 93%-მა

მონაწილეთა ჯამური მონაცემები (ასახულია იმ მოსწავლეთა მონაცემებიც, რომლებმაც წინა წლებში ვერ დაძლიეს ზღვარი რომელიმე გამოცდაში):

ქართული ენა და ლიტერატურა – 97%-ზე მეტმა

უცხოური ენა – დაახლოებით 88%-ზე მეტმა

ისტორია – 96%-ზე მეტმა

მათემატიკა – 88%-ზე მეტმა

განმეორებით გამოცდაზე გამოსულ მოსწავლეთაგან (2017 წელს ვერ გადალახეს ზღვარი ან ვერ გამოვიდნენ გამოცდაზე) ზღვარი წარმატებით დაძლია: 

გეოგრაფია – დაახლოებით 91%-მა

ბიოლოგია – 61%-ზე მეტმა

ქიმია – 78%-ზე მეტმა

ფიზიკა – 43%-ზე მეტმა

იმ მონაწილეთა ჩათვლით, ვინც წელს განმეორებით აბარებდა ერთ ან რამდენიმე გამოცდას, გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა.

იმ მონაწილეთა რაოდენობა, ვინც რეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და ზღვარი ვერ გადალახა, 2410-ია. მათგან მე-12 კლასელი – 1983.

წელს გამოსაშვები გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდა. ცვლილების მიხედვით, ტესტირების დასრულების შემდეგ მოსწავლე კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ანუ  მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები.

სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ თითოეულ საგანში საგამოცდო ტესტების ვარიანტების რაოდენობა გაიზარდა. იმისათვის, რომ გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარი გადალახოს, მოსწავლემ დაახლოებით 15 მარტივ კითხვას უნდა გასცეს სწორი პასუხი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0