გიორგი მარგველაშვილი: მინდა ყველა მეთორმეტეკლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება

გამოწერა
საქართველოს საჯარო სკოლებში საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღი კლასების მიხედვით განსხვავებულია.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა.

წელს ბოლო ზარი 39 ათასამდე მეთორმეტეკლასელისთვის დაირეკა, რომლებმაც სწავლის დამთავრება ბოლო ზარის ღონისძიებებით აღნიშნეს.

„მინდა ყველა მეთორმეტეკლასელს მოგილოცოთ სკოლის დამთავრება! ცხოვრების ახალი, სრულიად განსხვავებული ეტაპის დაწყება, რომელმაც უნდა მოგცეთ საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები — უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებითა თუ სასურველი და საოცნებო პროფესიის დაუფლებით. თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ აღტაცებასა და სიხარულს, რომელიც ახლის ძიებასა და შეცნობის მოლოდინს ამძაფრებს“, — წერია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასებში საატესტატო გამოცდები 20-23 მაისს ჩატარდება.

საგამოცდო აუდიტორია - Sputnik საქართველო
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება

საატესტატო გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (geCat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია — ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

რაც შეეხება საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: I კლასი – 25 მაისი, II–X კლასები — 15 ივნისი, XI კლასი — 11 ივნისი.

რაც შეეხება კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ისინი თავად ადგენენ ზაფხულის არდადეგების ვადებს.

დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება.

ყველა ახალი ამბავი
0