თბილისი, 17 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ ძალადობაში ბაგა-ბაღის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ-მ აღსაზრდელზე იძალადა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო.
ასევე სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის იანვარში ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. მისი ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
ბაღის თანამშრომელი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) გაასამართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ ერთი წლითა და ექვსი თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.