16:25 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
გიორგი გახარია

გახარიამ ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზები განმარტა

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (53)
14220

შსს მიაწოდებს ომბუდსმენს ვიდეომასალებს, რომლებიც ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარებას ასახავს

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ღამის კლუბებში მოწამვლის გახშირებული შემთხვევები და ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტების შესახებ სარწმუნო ინფორმაცია სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზანი გახდა, განუმარტა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი შეხვდა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, ღამის კლუბების მფლობელების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას, რომელთანაც შემდგომი სამოქმედო გეგმები განიხილა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს ღამის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზები განუმარტა.

„შსს-ს აქვს სხვადასხვა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის 20 გადაღებული შემთხვევა. შსს-ს სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში, ღამის კლუბების არეალიდან, 112-ის გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოებში გადაყვანა ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ძალიან გაიზარდა და მათი რაოდენობა ბოლო ორი კვირი განმავლობაში იყო 48. სწორედ ამიტომ, შსს იყო იძულებული განეხორციელებინა ეს ნაბიჯები", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადასცეს ომბუდსმენს როგორც სპეცოპერაციის, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავების ამსახველი ვიდეო-კადრები, — ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

„რაც შეეხება იმ ფაქტებს, რაც დაკავშირებულია ცალკეული პირების განცხადებებთან, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას, აქ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის როლი იქნება მნიშვნელოვანი. მე შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ თითოეულ მათგანს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ვიდეო-კადრებს გადმოგვცემს. იგულისხმება, როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობისას გადაღებული კადრები, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტები,“ — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი ღამის კლუბებში, ლომჯარიამ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ ამის ლეგიტიმური უფლება.

„ჰქონდათ სასამართლოს განჩინება. მათი თქმით, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ შესაძლებელია საღდებოდა ნარკოტიკი. როგორც მე მეუბნებიან, ამოღებულია მასალა, თუმცა გაგზავნილია ექსპერტიზაზე“, — განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დაისვა კითხვები  კონტრაქციასთან დაკავშირებითაც, რომელიც საკმაოდ აგრესიული ადამიანებით იყო დაკომპლექტებული და ძალის გამოყენებაზე იყო ორიენტირებული.

„ქვეყანაში ასეთი აგრესიული ადამიანები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა“, — აღნიშნა მან.

ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შორის გამართულ შეხვედრაზე ორი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომლებიც ნარკოპოლიტიკისა და 12 მაისის მოვლენების საკითხებს შეისწავლიან. 

უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია შაბათს დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. 

აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც „კლუბური აქციის" მონაწილეებთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა, რომელმაც შეკრებილთ ბოდიში მოუხადა. მან აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ ყველა ის პირი, რომელთა უფლებამოსილების გადაცდომაც დადასტურდება, პასუხს აგებს, ამასთან განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა.

რაც შეეხება შემდგომ ქმედებებს, „კლუბური აქციის" ორგანიზატორებმა მთავრობას დაპირებების შესასრულებლად ვადა ერთი კვირა მისცეს და აქცია ამ ერთი კვირის ვადით შეწყვიტეს.

ამის პარალელურად ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები, რომლებმაც გუშინ კონტრაქცია გამართეს, პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ორშაბათს, 18:00 საათზე მოძრაობა „ეროვნული ძალების გაერთიანების" მომხრეები ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავდნენ.

მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისის ცენტრში სიტუაციას აკონტროლებდა პოლიცია, რომელმაც ორი „ფრონტის“ წარმომადგენელთა შეტაკება არ დაუშვეს.

ამჟამად პარლამენტის შენობასთან „გაერთიანებული ეროვნული ძალების“ მოძრაობის მომხრეები იკრიბებიან.


თემები:
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში და ახალგაზრდობის პროტესტი (53)

მთავარი თემები