ლევან იზორიამ სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა

გამოწერა
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს. საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წელს შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე.

ქართველი სამხედროების როტაცია ავღანეთში - Sputnik საქართველო
იზორია: ქართველი სამხედროები მშვიდობის უზრუნველყოფის საქმის ერთგული რჩებიან

საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედროებს ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტ კობა ცირეკიძესთან ერთად ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ წამატებული საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენ აკეთებთ. თქვენი პროფესია, პირველ რიგში, ეს არის ვალდებულება ქვეყნის და თითოეული თანამოქალაქის წინაშე. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ღირსება და ქვეყნის თავისუფლება", — აღნიშნა მინისტრმა.

ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებისთვის სამხედროებს ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მადლობა გადაუხადა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების იუბილესთან დაკავშირებით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა, რომელიც 31-ე ბატალიონის „ბრავო" ასეულის ოცეულმა ჩაატარა.

სწავლების მიზანი იყო ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება და ტექნიკური პროცედურების დახვეწა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად.

ყველა ახალი ამბავი
0