რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება

გამოწერა
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს როგორც ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, ისე მგზავრობის დროის შემცირებას

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილის პროექტირების დასრულება 2018 წლის  მაისში იგეგმება, შემდეგ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება და სამშენებლო სამუშაოები ეტაპობრივად დაიწყება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რიკოთის გვირაბი - Sputnik საქართველო
რატომ კეტავენ რიკოთის გვირაბს

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად  არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია, 11.7 კმ), ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია, 12,2 კმ), უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია, 13 კმ) და  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია,  14,7კმ).

„საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე  5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას  ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს,  კერძოდ, ჩუმათელეთი — ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას.

„ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი და ერთ–ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება  ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას“,-აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტზე ჯამში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე დაიხარჯება.  

რიკოთის უღელტეხილი ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. 1982 წელს უღელტეხილის ქვეშ საავტომობილო გვირაბი გაიხსნა, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შემაერთებელ მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალზე მდებარეობს და 1,7 კილომეტრის სიგრძისა.


ყველა ახალი ამბავი
0