ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს

© Sputnik / STRINGERილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ კემეროვოში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა სულებისთვის გლოვობს და ლოცულობს

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

კემეროვოში ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში Зимняя вишня მასშტაბური ხანძარი კვირას, 25 მარტს მოხდა. ხანძრის კერა შენობის მაღალ სართულზე იყო, სადაც რამდენიმე კინოდარბაზი და ბავშვთა სათამაშო ზონები იყო განთავსებული. ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი მათ შორის, ბავშვები დაიღუპა.

მოქალაქე იწერს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ახლობლების ნომრებს - Sputnik საქართველო
კემეროვოს ტრაგედია: რეგიონის ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობაზე ახალ ინფორმაციას ამოწმებს

„თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრეზიდენტო! შეგვძრა კემეროვოში მომხდარმა ტრაგედიამ. მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. ვგლოვობთ ჩვენც და აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ახლადშესვენებულთა სულნი დააწესოს საყოფელსა მართალთასა, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა და ნუგეში",- ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა ცალკე წერილი გაუგზავნა რუსეთის პატრიარქს.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებით ვერ გამოვხატავთ ჩვენს გრძნობებს და მხოლოდ ლოცვა გვმართებს, თქვენთან ერთად ვგლოვობთ და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ნათესავებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა დააწესოს ახლადშესვენებულთა სულნი, სადაცა მართალნი განისვენებენ, ხოლო მათ ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და მტკიცე რწმენა. ძმური სიყვარულით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე",- ნათქვამია ილია მეორის წერილში.

დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ასევე მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით თბილისში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექციის (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი, 53) სამძიმრის წიგნია გახსნილი: 29 მარტს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე და 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, 30 მარტს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0