„სითი პარკი" ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის გადავადებას ითხოვს

© Sputnik / Levan Avlabreliსაცობი თბილისის ქუჩებში
საცობი თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სითი პარკის" ადვოკატების განცხადებით, ხელშეკრულების შეწყვეტისას შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პროცედურები დაცული არ ყოფილა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. კომპანია „სითი პარკი" სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის გადავადებას ითხოვს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით პარკინგი მარჯანიშვილის მოედანზე - Sputnik საქართველო
ჯარიმები არ გაუქმებულა – რა შეიცვლება თბილისში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან" კონტრაქტი გაუქმდება, რის შემდეგაც მის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" შეითავსებს და განახორციელებს.

„სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გამო თბილისის მერია პირგასამტეხლოს, 25 მლნ ლარის გადახდას არ აპირებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია, იგი არ ითვალისწინებდა გაფრთხილებებს, შესაბამისად, მერიამ მოქალაქეების უფლებების დასაცავად კომპანიასთან ხლშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს კომპანია „სითი პარკის" ადვოკატებმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანეს და დედაქალაქის მერს სთავაზობენ კომპანიასთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი სასამართლო დავების დასრულებამდე გადაავადოს.

„ყველა ეს სარჩელი ჯერ კიდევ სასამართლოშია, არ დასრულებულა და იმისათვის, რომ „სითი პარკს" მიეცეს თავის უფლებებზე სამართლებრივი დაცვის საშუალება, სასამართლო დავები უნდა ამოიწუროს, და ამის შემდეგ შეიძლება მხოლოდ ადმინისტრაციული დავების შესრულების ჯეროვნულობაზე ან კეთილსინდისიერ შესრულებაზე საუბარი", – განაცხადა „სითი პარკის" ადვოკატმა ნათია წკეპლაძემ.

როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლო დავების დასრულების შემდეგ შეიძლება მიიღოს. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტისას შესაბამისი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი პროცედურები დაცული არ ყოფილა.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რათა სამომავლოდ პარკირების მომსახურება უშუალოდ მუნიციპალური სამსახურის მიერ განხორციელდეს. როგორც მან განაცხადა, „სითი პარკთან" გაფორმებული ხელშეკრულება მიუღებელი და არასწორია.

სითი პარკი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია „სითი პარკთან" ხელშეკრულებას წყვეტს

კახა კალაძის განცხადებით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

კომპანია „სითი პარკის" განცხადებით კი, თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.

2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე ჯარიმას კვლავ „სითი პარკი" გამოწერს, 10 აპრილიდან კი — „თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

კომპანია „სითი პარკმა" 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა და ქალაქის პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლის ვადით მოიპოვა.

„სითი პარკს" უფლება აქვს არასწორი პარკირებისთვის ჯარიმები გამოწეროს. კონტრაქტის თანახმად, თითოეული ჯარიმიდან კომპანია 3 ლარს იღებს, თანხის დანარჩენი ნაწილი კი თბილისის მერიასა და კომპანიას შორის ნაწილდება (40% — 60%-ზე).

ყველა ახალი ამბავი
0