სუიციდის მცდელობა თუ?.. – ოფიციალური უწყება განცხადებას ავრცელებს

გამოწერა
უბედური შემთხვევა, რომელზეც ინფორმაცია მასმედიით დღეს გავრცელდა, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 10 თებერვალს მოხდა.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა. მოწმეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება ერთჯერადი საპარსის პირით მიიყენა, ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უბედური შემთხვევა, რომელზეც ინფორმაცია მასმედიით დღეს გავრცელდა, გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულების საპირფარეშოში 10 თებერვალს მოხდა. 

უწყების ინფორმაციით, პატიმარი ჩ.ნ. სასჯელს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით იხდის. იგი საკანში სამ თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარი ფაქტის შემდეგ მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც იგი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იქნა გადაყვანილი. 

საპყრობილე - Sputnik საქართველო
თბილისის ერთ-ერთ ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

„პატიმარი ჩ.ნ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2014 წლიდან იხდის სასჯელს 19-108 მუხლით („განზრახ მკვლელობის მცდელობა“). მან წარსულში სამჯერ მიიყენა თვითდაზიანება. დადგინდა, რომ თვითდაზიანებები მსჯავრდებულმა სულიერი აშლილობის ნიადაგზე მიიყენა საპროტესტო მოთხოვნების გარეშე“, — აღნიშნავენ უწყებაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსჯავრდებული სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის მიზნით ხუთჯერ გადაიყვანეს. 2017 წლის აგვისტოდან კი ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა. გარდა ამისა, დამნაშავე ჩართული იყო სუიციდის პრევენციის პროგრამაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0