C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტების 98% განიკურნა

CC BY 2.0 / Victor / HIV and Hepatits Testსისხლის ანალიზის ჩაბარება
სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მომავალი სამი წლის განმავლობაში მთელი მოსახლეობის გამოკვლევას აპირებს.

თბილისი, 31 იანვარი —Sputnik. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება ტელეკომპანია „იმედი"

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება  2015 წელს დაიწყო. პროგრამა  ორი ეტაპისგან შედგება და პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს მოიცავს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკრინინგი 1 400 000 ადამიანმა ჩაიტარა, მათგან ზოგიერთმა ორჯერ. უნიკალური პაციენტების რიცხვი კი 900 ათასს აღწევს. უნიკალური პაციენტები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ერთხელ მაინც აქვთ ჩატარებული სკრინინგი.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილი: C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ჩატარებული სკრინინგის დადებითი მაჩვენებელი გამოკვლეული ადამიანების დაახლოებით 10-11%-ს დაუფიქსირდა. თუმცა, დადებითი მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ C ჰეპატიტის აქტიური ფორმა აქვს პაციენტს და მკურნალობას საჭიროებს. იმ შემთხვევაში, თუ სისხლში  აქტიური ვირუსის არსებობა დაფიქსირდა, მაშინ ასეთი ადამიანი მკურნალობის პროგრამაში ერთვება.

„პროექტში ქვეყანაში სულ ჩართულია ან მკურნალობა ჩაიტარა 45 ათასმა ადამიანმა. ამ ადამიანების დაახლოებით 98% განიკურნა, ანუ მას ვირუსი გაუქრა ორგანიზმიდან”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მომავალი სამი წლის განმავლობაში მთელი მოსახლეობის, დაახლოებით 3,7 მლნ. ადამიანის, გამოკვლევას აპირებს, პირველ რიგში, მოზრდილი, 18 წლის ზემოთ მოსახლეობის.

„მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შემოწმდეს დაახლოებით მილიონ 800 ათასი ადამიანი. ეს არის უნიკალური შანსი, რადგან C ჰეპატიტის მკურნალობა გახლავთ ბოლო წლებში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარღვევა. ის გახდა განკურნებადი დაავადება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ მოსახლეობას C ჰეპატიტის გამოკვლევისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო.

„ამ შანსით საქართველოს მოსახლეობამ უნდა ისარგებლოს. არაფერია სასირცხვილო. თუ არ იცით თქვენი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებით, მიბრძანდით, ტესტირებაც და მკურნალობაც არის უფასო. მოვუწოდებ მოსახლეობას, ისარგებლეთ ამ შანსით”, — განმარტავს გამყრელიძე.

C ჰეპატიტი  ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. ის ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისათვის. საქართველო შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: მოსახლეობაში პროცენტულად ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“(Gilead Sciences) ხელშეწყობით ხორციელდება.

პროგრამა ორი  ეტაპისგან შედგება. პირველი ფაზა კრიტიკული მდგომარეობის  მქონე 5000 პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებდა.  მეორე ეტაპზე კი C ჰეპატიტის მქონე ნაკლები სიმძიმის პაციენტები ჩაერთვნენ.

პროგრამის ფარგლებში მკურნალობა  C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. პაციენტებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის და რუსთავის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები ემსახურებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად იქამდე გაგრძელდება, სანამ ამ დაავადების სრული ელიმინაცია არ მოხდება. ამერიკული კომპანია Gilead კი, საქართველოს უწყვეტად და უსასყიდლოდ მიაწვდის მედიკამენტებს.

ყველა ახალი ამბავი
0