თსუ-ში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ ლორთქიფანიძე იყო ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარიამ ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მარიამ (მარიკა) ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1948 წლიდან მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა.

თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ განაცხადა, რომ სტიპენდიას ისტორიის ფაკულტეტის ყველაზე გამორჩეული სტუდენტი მიიღებს. ამას გარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია და დაარსდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი.

მარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში - Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველი პირები მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

„ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძის სახელი დაკავშირებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან 70 წლის განმავლობაში. ის იყო უნივერსიტეტის პროფესორი და ბოლომდე იყო ყველაზე აქტიური. ძალიან სწორი და სამართლიანი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩეოდა, იყო ასევე ისტორიკოსების მთელი პლეადის აღმზრდელი, ალბათ მარიკა ლორთქიფანიძის ღვაწლი შესაბამისად დაფასდება", – განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

მარიამ ლორთქიფანიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად 1947 წლიდან მუშაობდა, 1948 წლიდან კი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972 წლიდან იყო თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, 1963 წლიდან — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1993 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა", სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა".

მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

მარიამ ლორთქიფანიძეს 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ყველა ახალი ამბავი
0