რა სიახლეები ელოდებათ პატიმრებს 2018 წლის 1 იანვრიდან

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხე, არქივის ფოტო
ციხე, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის ბოლო სხდომაზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა პენიტენციურ სფეროში გატარებული რეფორმები და სასჯელის ისეთი ჰუმანური სახის შემოღება, როგორიცაა შინაპატიმრობა.

„პატიმრობის შესახებ კოდექსსა“ და მის თანამდევ 18-მდე კანონში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით ცვლილებები გასულ წელს შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. მას პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებების ნაწილი, მაგალითად, ქალი მსჯავრდებულების მიერ შაბათ-კვირას მცირეწლოვანი შვილების მონახულების უფლება, უკვე 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და ამ სიკეთით ქალბატონები უკვე სარგებლობენ. თუმცა სიახლეების ძირითადი ნაწილი, რომელთა ამოქმედებასაც პატიმრები განსაკუთრებით ელიან, მაინც 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში და მსჯავრდებულებს სწორედ ამ დღიდან შეეძლებათ ამ სიკეთეებით სარგებლობა.

თეა სამხარაძე - Sputnik საქართველო
თეა სირაძე - გისოსებს მიღმა სიყვარულია

პატიმართა ოჯახების ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ე. წ. შინაპატიმრობის ინსტიტუტი. „Sputnik საქართველო“ დაინტერესდა, როგორ შეძლებენ პატიმრები ამ სიახლით სარგებლობას და რა კატეგორიის პატიმრებზე გავრცელდება აღნიშნული ნორმა.

სამაჯური შინაპატიმრობისათვის

პირველ რიგში, პატიმრის მხრიდან, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭიროა განცხადებით მიმართვა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელზე და საბანკო ანგარიშზე სამაჯურის ღირებულების თანხის არსებობის შესახებ ცნობის წარდგენა. ხუთიათას ლარიანი გარანტია მხოლოდ იმ შემთხვევის დასაზღვევადაა განკუთვნილი, თუ შინაპატიმრობაში მყოფი პირი სამაჯურს დააზიანებს და გატეხავს. სხვა შემთხვევაში თანხა მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის წევრის სახელზე რჩება და მას მისი გამოყენება თავისუფლად შეუძლია. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი საბჭო, რომელშიც არასამთავრობო სექტორიც შედის, გადაწყვეტს, რომ პატიმარი არაა საზოგადოებისათვის საშიში და მას შეუძლია, ოჯახთან ერთად გააგრძელოს ცხოვრება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება პირისთვის პატიმრობის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.  იყო საუბარი, რომ შინაპატიმრობა იმდენად ძვირი იქნებოდა, რომ მისით სარგებლობა მხოლოდ განსაკუთრებით მდიდარ ადამიანებს შეეძლებოდათ, თუმცა ეს საკითხიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მათი ინტერესების გათვალისწინებით დარეგულირდა და პატიმარს ან მის ოჯახს თვეში მხოლოდ 100 ლარის გადახდა მოუწევს. ბუნებრივია იმას, თუ როგორ მიმდინარეობს შინაპატიმრობა, ამოწმებენ და თვალყურს ადევნებენ პრობაციის ოფიცრები.

რუსთავის ქალთა კოლონია - Sputnik საქართველო
დედაწართმეული შვილები, მავთულხლართების მიღმა სამყარო - უფალო, შეუნდე!

მომზადება თავისუფლებისათვის

სასჯელაღსრულების სისტემა ასევე ეცდება, პატიმრები განთავისუფლებისათვის მოამზადოს. ამ მიზნით 1 იანვრიდან იხსნება სპეციალური ციხე, სადაც იმ პატიმრებს გადაიყვანენ, რომელთაც ექვსი თვე და უფრო ნაკლები დარჩათ მოსახდელი, პატიმარს შეუძლია, აქ მოემზადოს გარესამყაროსთან ადაპტაციისათვის. მას უფლება აქვს, შაბათ-კვირას დატოვოს დაწესებულება, ეძებოს სამუშაო, ისწავლოს ან მოემზადოს ახალი ცხოვრებისათვის. მსჯავრდებულთა მიერ საპატიმროს დატოვება სრულიად უფასოა და მათ არც დამატებითი გარანტიების შექმნა სჭირდებათ, მაგრამ გაქცევის ან უკან დაუბრუნებლობის შემთხვევაში პატიმარს, ბუნებრივია, არსებულ მსჯავრთან ერთად ახალი დანაშაულის გამო გარდაუვალი სასჯელი ელის.

მოგეხსენებათ, ციხეებში დღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით სხვადასხვა პროფესიული პროგრამა ხორციელდება. ყოფილი პატიმრები, რომელთაც კულინარია, ტყავის დამუშავება და ხეზე კვეთა შეისწავლეს, წარმატებით დასაქმდნენ. ერთ-ერთმა კი პროგრამის დამფინანსებელ ამერიკის ელჩს სიურპრიზიც კი მოუწყო და საკუთარი ხელით დამზადებული კერძი მიართვა რესპექტაბელურ რესტორანში, სადაც ყოფილი პატიმარი სწორედ ამ ხელობის შესწავლის შემდეგ დასაქმდა და საკმაოდ წარმატებულ და შემოსავლიან საქმეს მოჰკიდა ხელი.

მუსიკალური თერაპიის კურსი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №5 პენიტენციურ დაწესებულებაში - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი - „მუსიკალური თერაპია“ პატიმრებისათვის

უმაღლესი განათლება დისტანციურად

თუმცა პატიმრებს 1 იანვრიდან არა მხოლოდ პროფესიული, არამედ უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების უფლებაც ექნებათ. ის პატიმრები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, მიიღონ უმაღლესი განათლება, უზრუნველყოფილნი იქნებიან შესაბამისი ლიტერატურითა და დისტანციური კომუნიკაციით.

2018 წლის საჩუქარი პატიმრებისათვის სატელეფონო საუბრის დროის გაზრდაა. მსჯავრდებულებს მიენიჭათ მაცივრით სარგებლობის უფლება. ცალ-ცალკე საკნებში განთავსდებიან მწეველი და არამწეველი პატიმრები.

საინტერესო სიახლეა ისიც, რომ ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან განთავისუფლების შესახებ  გადაწყვეტილებას ამიერიდან სასამართლო მიიღებს. თემიდას მსახურთ ასევე შეეძლებათ შეისწავლონ ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება და დაავალოს საბჭოს პატიმრის პირობით ვადამდე განთავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა.

გისურვებთ, ნაკლები შეხება გქონოდეთ საპატიმროსა და სამართალდამცავ სტრუქტურებთან 2018 წელს, თუმცა თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი მაინც მოხვდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ვიცოდეთ საკუთარი უფლებებისა და იმ სერვისების შესახებ, რასაც სისტემა გვთავაზობს, რათა ციხეში გატარებული დრო მომავალი ცხოვრების უფრო გონივრულად დასაგეგმად გამოვიყენოთ.

ყველა ახალი ამბავი
0