არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა გაძლიერდეს მანდატურის სამსახური და კოორდინაცია ამ სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც უწყებები არსებული გამოწვევების დაძლევის მოკლევადიან და გრძელვადიან გზებზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც წარმოდგენილი არიან შინაგან საქმეთა, განათლებისა და მეცნიერების, იუსტიციის სამინისტროები და პროკურატურა, რამდენიმე დღის წინ გადაწყდა, როდესაც თბილისში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება საშინელი ტრაგედიით დასრულდა.

ინციდენტი პარასკევს, შუადღეს ხორავას ქუჩაზე, 51-ე სკოლის მახლობლად მოხდა. არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ცივი იარაღით დაჭრეს 16 წლის ორი მოზარდი — ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე, დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, სარალიძე — მეორე დღეს, რეანიმაციის განყოფილებაში. მკვლელობაში ბრალდებულები დაკავებული არიან და სასამართლომ მათ გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა თბილისში: ბრალდებულ მოზარდებს პატიმრობა შეეფარდათ

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში შეთანხმდნენ – შეფასდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის ეფექტიანობა და გაძლიერდეს ამ სამსახური როლი; გადაწყდა, რომ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაძლიერდეს მანდატურის სამსახურსა და საპატრულო პოლიციას შორის კოორდინაცია; ასევე, საპატრულო პოლიცია საწყის ეტაპზე მონაწილეობას მიიღებს სასკოლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მონიტორინგის პროცესში.

მანდატურის სამსახურის გაძლიერებისა და ამ სამსახურის საპატრულო პოლიციასთან კოორდინირებული მუშაობის შესახებ კონკრეტულ ხედვებს სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე განიხილავენ, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიმართება.

შეხვედრაზე ჯგუფის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და არსებულ გამოწვევებზე, არასრულწლოვანთა სოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურებასა და ამ პროცესში სხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და აღნიშნული უწყებების სხვა წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0