სპეცოპერაციის დროს რვა ბინა დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამგეობის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ აქვთ შესაძლებლობა მიუახლოვდნენ შენობას, რომელზეც შტურმი განხორციელდა, ამიტომ შესაძლო ზარალი ვიზუალურად შორიდან დგინდება

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ისნის რაიონული ადმინისტრაციის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში ითვლიდნენ ზარალს იმ ბინებში, რომლებსაც კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ზიანი მიადგათ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თბილისში ოთხშაბათს, ღამით, კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რომელიც თითქმის ერთი დღე-ღამე გაგრძელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიდიოდა ორმხრივი სროლა და ისმოდა აფეთქების ხმები. შედეგად დაკავებულია ერთი პირი, სამი ლიკვიდირებულია. დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, ორი კი დაიჭრა. სხეულის დაზიანებები მიიღეს ასევე შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა.

მთლიანობაში, შენობის შტურმის შედეგად რვა საცხოვრებელი ბინა დაიწვა. ადმინისტრაცია მათი გარემონტებისა და აღდგენის ყველა ხარჯს დაფარავს.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაშავებულებს მერია დაეხმარება

„ჩვენ მხოლოდ ვიზუალური ინფორმაცია გვაქვს, ისიც შორიდან. ამ ეტაპზე საშუალება არ გვეძლევა რომ ახლოს მივიდეთ, მაგრამ რასაც ვხედავთ, საორიენტაციოდ, რვა ბინაა", — განაცხადა ისნის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის გამგეობამ ასევე იზრუნა დაზარალებული ექვსი ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. გასული ღამე მათ იუნკერების ქუჩაზე ერთ-ერთ სასტუმროში გაატარეს.

„არ ვიცი რა მდგომარეობაშია ჩემი სახლი, მე მხოლოდ ტელევიზიით ვნახე, რომ შუშა ჩაიმსხვრა. არ ვიცი, ალბათ, შეაფასებენ და შესაბამის დახმარებას გამიწევენ. ოთხი პატარა ბავშვით ვარ და ამიტომ დამჭირდა გამგეობის დახმარება,"- განაცხადა ნათია ბაგაშვილმა.

ადგილობრივი ხელისუფლება მზად არის ოჯახებს, რომლებსაც ანტიტერორისტული ოპერაციის დროს საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყონ. თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის ინიციატივით მოქმედებს ცხელი ხაზი — 2 72 22 22.

ლაბუჩიძის სიტყვებით, ისნის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე — (032) 2 37 50 29, (+995) 599 53 70 40.

წინასწარი ინფორმაციით, დაჯგუფების ყველა მონაწილე, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია ჩატარდა, უცხოეთის მოქალაქეები იყვნენ. ამ ეტაპზე სუს-ი დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ყველა ახალი ამბავი
0