თბილისის მერია ცვლილებების მოლოდინში

გამოწერა
ახალი მერის გუნდი მმართველობის ელექტრონული სისტემის დანერგვას და საკადრო ოპტიმიზაციის განხორციელებას გეგმავს.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მას შემდეგ, რაც კახა კალაძე მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება, თბილისის მერიაში სერიოზული რეფორმების გატარება იგეგმება, განაცხადა ახალი მერის გუნდის წევრმა მაია ბითაძემ ტელეარხ „TV პირველის" ეთერში.

თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე მეტროში - Sputnik საქართველო
კალაძე მეტროსა და ავტობუსში: თბილისის ახალარჩეული მერი ხალხში გავიდა

კახა კალაძე მერის პორტფელს ოფიციალურად 12 ნოემბერს ჩაიბარებს. მან 21 ოქტომბერს გამართული თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო. კალაძემ ხმების 51,09% მიიღო.

„მთავარი ამოცანა კადრების გათავისუფლება არ არის, რადგან არსებობს კანონმდებლობა, რომელიც თანამშრომლების უფლებებს იცავს. მთავარი პრიორიტეტი ბიუროკრატიული მანქანის დანგრევაა, რაც მოიაზრებს ინსტიტუციურ-სამართლებრივ რეფორმას, კადრების ოპტიმიზაციას და მმართველობის ელექტრონული სისტემის შემოღებას", — განაცხადა ბითაძემ.

მისი სიტყვებით, რეფორმის მთავარი ამოცანა იქნება თბილისის მერიის სერვისების მეტი ხელმისაწვდომობა.

„მთავარია, რომ ყველა სერვისი, რომლითაც თბილისის მუნიციპალიტეტი ჩვენ მოქალაქეებს უზრუნველყოფს, იყოს ადვილად გასაგები და მისაწვდომი. მუნიციპალიტეტი მოიცავს მოღვაწეობის ბევრ სფეროს, დაწყებული მუნიციპალური სერვისებიდან, მაგალითად, დასუფთავება, და დამთავრებული კულტურით და სპორტით, ნებართვები და ლიცენზიები, დაწყებული მშენებლობის ნებართვებიდან, დამთავრებული გარემოს დაცვის ღონისძიებებით", — განაცხადა ბითაძემ.

თბილისის მერიისა და მისი სამსახურების მიერ შეთავაზებული სერვისებისთვის იგეგმება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედება.

„ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი და იქ, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სერვისების განვითარება და „ერთი ფანჯრის“ პრინციპი, ჩვენ მას მაქსიმალურად გამოვიყენებთ", — აღნიშნა ბითაძემ.

მუშა მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა

ასევე იგეგმება მერიასა და გამგეობებთან მოსახლეობის ელექტრონული კომუნიკაციის გაძლიერება, რათა მოქალაქეებმა სახლიდან გაუსვლელად შეძლონ გარკვეული მომსახურების მიღება.

გარდა ამისა, როგორც კალაძის გუნდის წევრმა განაცხადა, იგეგმება მერიის სტრუქტურის ცვლილება, და ახალი უწყების ფორმირების შემთხვევაში თბილისის მერიაში ყველა თანამშრომელმა უნდა გაიაროს კონკურსი საკუთარი კვალიფიკაციის დასამტკიცებლად.

„ყველა პროფესიონალი საკუთარ ადგილზე დარჩება", — აღნიშნა მან.

მანამდე კალაძემ თბილისის მერიაში მოსალოდნელი სერიოზული ცვლილებები დააანონსა და განაცხადა, რომ ის ორიენტირებული იქნება ადამიანებზე და რომ სამსახურები თბილისის განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ. ერთ-ერთი პირველი, კალაძის სიტყვებით, ქალაქის არქიტექტურის სამსახურის რეფორმირება იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0