ხაზარაძე: როცა მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ შეჩერებულა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaბორჯომი-ხარაგაულის ტყე
ბორჯომი-ხარაგაულის ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ბიზნესმენი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიუხედავად გადატანილი ხანძრებისა, ბორჯომის ხეობაში ტყის გაჩეხვის პროცესი კვლავ გრძელდება გარდა ამისა, დამწვარი ტყის აღსადგენად გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც 1 მილიონ 770 ათასი ლარია ჩარიცხული.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik.  ბორჯომში ხე-ტყის ჭრის შესაჩერებლად რადიკალური ზომებია მისაღები, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ ბორჯომის კურორტი, არამედ მინერალური წყალიც დაიკარგება, ნათქვამია „თი-ბი-სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის  Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3,8 ათასი ჰექტარი გაანადგურა

აგვისტოში ბორჯომის ტყეში 100 ჰექტარი ფართობი ტერიტორია დაიწვა. სატყეო ზონაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა. აგვისტოში ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის დამწვარი ტერიტორიის 10 ჰექტარს „თიბისი ჯგუფი" და კომპანია „ბორჯომი" აღადგენენ.

„ბორჯომის კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ბორჯომის პლატოზე 2500 ძირი ხის ნერგი დავრგეთ. იმავე დროს ბაკურიანის გზაზე, ტყიდან ხის ახლად მოჭრილი მორებით დატვირთული მანქანა გამოვიდა. ჩემს კითხვაზე, ადგილობრივი სატყეოს მუშაკებმა მიპასუხეს, რომ ეს სოციალური საჭიროებისთვის ხდებაო, ვიღაცამ თქვა, სანიტარული ხის ჭრააო… ეს ხდება იქ, სადაც სულ რაღაც ორი თვის წინ ხანძრის გამო ასეულობით ჰექტარი ტყე განადგურდა. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ დროსაც კი, როდესაც მეხანძრეები ცეცხლს ებრძოდნენ, ბორჯომის ხეობაში ხის ჭრა არ შეჩერებულა!!!”, — წერს ხაზარაძე.

იქვე აღნიშნულია, რომ აგვისტოს თვეში, ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში ხელისუფლებას ხეების ჭრაზე ხუთწლიანი მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, თუმცა, უშედეგოდ.

„თუ ასე გაგრძელდა და თუ ამის აღსაკვეთად სასწრაფოდ რადიკალური ზომები არ იქნა მიღებული, არა მარტო ტყეს, არამედ ბორჯომის კურორტს და მინერალურ წყალსაც დავკარგავთ, რამეთუ სწორედ ბორჯომის ტყეა ის ძირითადი რესურსი და სიმდიდრე, რომელიც ბორჯომის უნიკალურ მინერალურ წყალს ქმნის!“, —  განაცხადა ხაზარაძემ.

ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. სპეციალისტების მონაცემებით, მრავალდღიანი ხანძრების შედგად, ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა.  ტყის ხანძრებისას, ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა.

შოთიკო ნოზაძე

 

ყველა ახალი ამბავი
0