ჯეჯელავა: დუალური განათლება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების საშუალება

გამოწერა
დუალური პროფესიული განათლება ითვალისწინებს სწავლასა და მუშაობას ერთდროულად

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისში კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში — პერსპექტივები კერძო კომპანიებთან ერთად“  გახსნა, რომელიც ამ სფეროში არსებული პერსპექტივების განხილვას ეხებოდა. 

კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გაიმართა.

„დუალური პროფესიული განათლება არის ეკონომიკის განვითარების რეალური გზა. შესაბამისად, პრიორიტეტი დუალური განათლების მიმართულებით ბოლო წლებში მკვეთრად არის გამოკვეთილი. კარგად მიმდინარეობს ერთი მხრივ, ფორმალურ პროფესიულ განათლებაში დუალური მიდგომების დანერგვა და მეორე მხრივ, მოწინავე ქართულ კომპანიებს აქვთ სურვილი მათი ტრენინგცენტრები გადაიქცეს პროფესიულ სასწავლებლებად", — დაწერა ჯეჯელავამ საკუთარ Facebook-გვერდზე. 

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრომ პროფსასწავლებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მისი სიტყვებით, პროფესიული განათლების პოპულარობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც მოცემულ პროექტში  მოწინავე კომპანიები თავად გახდებიან პროვაიდერები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, განათლების სისტემაში ინერგება გერმანული დუალური მეთოდი, რომლის თანახმად ერთდროულადაა შესაძლებელი სწავლა და სპეციალობით მუშაობა. 

მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმა ითვალისწინებს განათლების სისტემის გერმანულ მოდელზე გადასვლას იმისთვის, რომ დიდი ყურადღება დაეთმოს პროფესიული განათლების ეფექტურ სისტემას.

პროფსასწავლებლები საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს. ამ დროისთვის ქვეყანაში 40 პროფესიული სასწავლებელი და 10 ფილიალია გახსნილი. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0