უსინათლო ფეხბურთელი და პრობლემები, რომელსაც უსინათლოები ხშირად აწყდებიან

© FB / Gio Petriashviliგიორგი პეტრიაშვილი
გიორგი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 ოქტომბერს მსოფლიო მხედველობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო მხედველობა დაკარგეს და არც თუ კომფორტულ გარემოში უწევთ ცხოვრება.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი გიორგი პეტრიაშვილია. გიორგი 35 წლისაა. მან 24 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. ამის მიუხედავად ხელი არასოდეს ჩაუქნევია, პირიქით ადვილად შეეგუა ყველაფერს და ცხოვრებას სხვა თვალის შეხედა. დღეს გიორგი საქართველოს უსინათლოთა ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთს თამაშობს.  ყავს ლაბრადორის ლეკვი, რომელიც უნდა, რომ სპეციალურად უსინათლოს გამყოლად გაწრთვნას.

© FB / Gio Petriashviliგიორგი პეტრიაშვილი
გიორგი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი პეტრიაშვილი

— დაახლოებით 22 წლის ვიყავი, დილით გავიღვიძე და მარცხენა თვალიდან ვეღარ ვხედავდი. მქონდა სისხლჩაქცევები, დამისკდა კაპილარები. მეორე დღეს გამიარა და აღარ მივაქციე ყურადღება.  დაახლოებით 3-4 წლის შემდეგ დამეწყო ტკივილები. პროცესი ნელ-ნლა მიმდინარეობდა და საბოლოოდ მთლიანად დავკარგე მხედველობა. მარცხენა თვალი პროტეზი მაქვს, მარჯვენა თვალში ბადურაა  ჩამოშლილი და ატროფია მაქვს.

- ამის შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

— ადვილად შევეგუე ყველაფერს, არანაირი დეპრესია არ მქონია.

- უსინათლო ადამიენებს სახელმწიფო რამდენად უწყობს ხელს, რომ საზოგადოებაში ინტეგრირება შეძლონ?

— მეტნაკლებად რაღაც კეთდება, იდგმევა ნაბიჯები, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი დრო უნდა. ალბათ 10-20 წელი მაინც სჭირდება აქაც ისე აეწყოს ყველაფერი, როგორც ევროპაშია. ეს მარტო მთავრობის პრობლემა არ არის, ზოგადად საზოგადოებამ, ხალხმაც უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ჩვენც ვარსებობთ.

- პირადად თქვენ რა პრობლემებს აწყდებით საზოგადოებაში?

— ყველაზე დიდი პრობლემა არის გადაადგილების პრობლემა. ძალიან ჭირს ქალაქში ფეხით სიარული. ქალაქი, რომ სპეციალურად იყოს მოწყობილი თავისუფლად შემიძლია მარტო, ხელჯოხით გადაადგილება. მანქანები ძალიან ხშირად ბორდიურებზე აყენია. ხშირად მხვდება რესტორნებთან, საჯარო დაწესებულებებთან ფეხით სავალ ნაწილზე გაჩერებული მანქანები. რამდენჯერმე ტრასის მხარეს მომიწია შემოვლა. ერთხელ შემეშალა და შუა ტრასაზე აღმოვჩნდი. ორიენტაცია დამეკარგა. ამ დროს კი ძალიან რთულია გზის გაგნება. დიდი პრობლემაა ასევე ახდილი ჭები. იყო ასეთი შემთხვევა, რომ პირდაპირ ახდილი ჭისკენ მივდიოდი და უცბად დამიძახეს და გამაჩერეს. აი, ასე გადავრჩი. ასეა, თუ ისე გადავაადგილდები დანიშნულების წერტილამდე, მაგრამ რომ უნდა მივდიოდე ხუთ წუთში, მივდივარ 20 წუთში.

© FB / Gio Petriashviliგიორგი პეტრიაშვილი
გიორგი პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი პეტრიაშვილი

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მეტროს, მინდოდა განცხადება შემეტანა გამგეობაში. გურამიშვილის მეტროსთან ვცხოვრობ და აბსოლუტურად არ არის მეტრო ადაპრირებული ჩვენზე. ახალი ავტობუსები წესით გათვლია შშმ პირებზე, მაგრამ მაგასაც აქვს თავისი მინუსი. გაჩერებები არ ცხადდება და ამიტომ უსინათლო ვერ ისარგებლებს. ფაქტიურად კი, ვსარგებლობთ მაგრამ, ვიღაცას უნდა ვთხოვოთ გვითხრას სად ვიმყოფებით, რომლი გაჩერებაა. ზოგიერთ ადამიანში ეს კითხვები აგრესიას და გაღიზიანებას იწვევს. ყოფილა შემთხვევები მოუძახებიათ „ბატო როგორ დადიხარ?“. ერთხელ კონტროლიორმაც კი მითხრა უსინათლო თუ ხარ მარტო როგორ დადიხარო. საზოგადოების ნაწილი გაუთვითცნობიერებლები არიან ამ კუთხით. ყოფილა შემთხვევა, რომ მოხუც ქალს უთქვამს ახალგაზრდა ადგილი დამითმეო. რომ ავდგარვარ მერე მიხვედრილა, რომ ვერ ვხედავ და ბოდიში მოუხდიათ. რატომღაც მათთვის წარმოუდგენელია  უსინათლო ქუჩაში როგორ უნდა დადიოდეს.

მწვავედ დგას დასაქმების და განათლების პრობლემა. თუმცა უპირველესი მაინც გადაადგილების პრობლემაა. თუ არ მოგვარდება გადაადგილების პრობლემა, ვერც სამსახურამდე მივალთ და ვერც სასწავლებლებამდე. რაც არ უნდა ადაპტირებული შენობა იყოს, შენობამდე თუ არ მიხვედი რა აზრი აქვს?

2014-2015 წლებში დავამთავრე პროფესიული კოლეჯი. არ მიჭირდა სიარული, რადგან ჩემთან ახლოსაა ეს კოლეჯი. შენობა იყო ადაპტირებული ჩვენზე, ეხლა თავიდან გარემონტდა, გაკეთდა უსინათლოთა ბილიკები. იგივე კოლეჯში დავიწყე მუშაობა. სამ თვიანი კონტრაქტი გამიფორმეს. მანამდე რამდენიმეგან გავაგზავნე რეზიუმე. ერთგან უარო მომივიდა, დანარჩენებისგან პასუხიც არ მიმიღია. დამსაქმებელს ეშინია ჩვენი დასაქმების. დასაქმების დროს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს სჭირდებათ სპეციალური ხმოვანი პროგრამები, კომპიუტერები, ამიტომ ზედმეტი ხარჯებიოს გაღება არ უნდათ და უარს ამბობენ ჩვენს დასაქმებაზე. ზოგს კი ჰგონია, რომ საქმეს კარგად ვერ გააკეთებ.

- ეს უნდობლობა რისი ბრალია თქვენი აზრით?

— არ ვიცი, რატომღაც  საზოგადოებას გათვითცნობიერებული არ აქვს, რომ ჩვენც შეგვიძლია საქმის გაკეთება. ამ ხრივ ცნობადობა ძალიან დაბალია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. დიდი ხანი არ მყავდა ჩემი მამიდაშვილი ნანახი. შარშან ვნახე და რომ ვუთხარი კომპიუტერითაც თავისუფლად ვსარგებლობ, ტელეფონითაც, ვწერ შეტყობინებებს… მითხრა, რომ რაღაცას ვატყუებდი. როცა მერე თავისი თვალით ნახა ძალიან გაუკვირდა. არ ესმით, არ სჯერათ, რომ ჩევნც რაღაცის გაკეთება შეგვიძლია.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა სიბრალულს და შეცოდებას გამოხატავენ. შესაცოდი მართლა არაფერი არ გვჭირს. შეცოდება კი არა ხელშეწყობა გვჭირდება, იგივე დასაქმების კუთხის, განათლების კუთხით და ა.შ. განათლებაც რეალური უნდა იყოს. საკმაოდ ნიჭიერი, ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, დაამთავრებენ სასწავლებლებს  და მერე უდევთ ტყუილად დიპლომები.

- სპორტის რაიმე სახეობას თუ მისდევთ, ფიზიკური აქტივობით თუ ხართ დაკავებული?

— კი, ფეხბურთს ვთამაშობ უსინათლოთა ნაკრებში.

- თამაშის დროს, როგორ ეკონტაქტებით მოთამაშეები ერთმანეთს?

— სპეციალური ბურთია, რომელიც ხმას გამოსცემს. ბურთის ხმაზე ვაკეთებთ ორიენტაციას. ბურთი თუ ჩვენ გვაქვს მოწინააღმდგე გუნდი იძახის „ვოის“. ანუ ეს საერთაშორისო შესატყვისია თამაშების დროს. თუ ბურთს დავკარგავთ და ჩვენ აღარ გვაქვს ჩვეულებრივად სახელებით მივმართავთ ერთმანეთს. ასევე ტრენერი დგას აუტის მხარეს, შუა ცენტრში და მეორე ტრენერი დგას მოწინააღმდეგის კარებს უკან. ისინი გვკარნახობენ კარებში როდის უნდა დავარტყათ და პასი საით უნდა მივცეთ.

- წარმატებასაც მიაღწიეთ?

— შარშან იტალიაში ვიყავით. ორი თამაში გავმართეთ. ერთი თამაში 1:0 მოვიგეთ. მეორე თამაში ფრე დამთავრდა. იტალიის მერე საბერძნეთში ვიყავით ებროპის თასის ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც მეორე ადგილი ავიღეთ და ვერცხლის მედლებით დავბრუნდით. წელს ევროპის შესარჩევზე ვიყავით რუმინეთში, იქაც მეორე ადგილი ავიღეთ. ამის შემდეგ მიგვიწვიეს გერმანიაში, მაგრამ სამწუხაროდ გერმანიიდან შედეგის გარეშე ჩამოვედით.

- ვიცი, რომ გყავთ ძაღლი, რომელიც გინდათ პეციალურად გაწვრთნათ…

— სამი თვის წინ მაჩუქეს თვენახევრის ლაბრადორის ლეკვი. მინდა, რომ გავწვრთნა უსინათლოს გამყოლად. ინგა გრიგოლიას მივწერე და ვთხოვე ამ თემაზე მცირედი დრო დაეთმო ჩემთვის ეთერში. მიმიწვია გადაცემაში. გადაცემის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რომ სპორტის მინისტრს ვესაუბრე და ახლო მომავალში ზარს ელოდეო. ძალიან გამიხარდა. მინისტრის დავალებით დამიკავშირდნენ პარაოლიმპიურიდან. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო აფინანსებს ჩემი ძაღლის გაწვრთნას. უკვე იურიდიულ საკითხებს აგვარებენ.

- როგორ მომავალზე ოცნებობთ?

— მომავალი მინდა ისეთი, როგორიც ჩემს შვილებს წაადგებათ. სამი შვილი მყავს. მინდა მშვიდობიან ქვეყანაში იცხოვრონ. ამაზე მეტი რა უნდა ინატრო შვილებისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0