საქართველოს საზღვარზე აფეთქებისას დაშავებული ერთი მესაზღვრე კვლავ საავადმყოფოშია

გამოწერა
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საქართველო-რუსეთის საზღვართან მომხდარი აფეთქებისას დაშავებული სამი თანამშრომლიდან ორი საავადმყოფოდან გაწერეს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

აფეთქება საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო 26 სექტემბერს მოხდა. შედეგად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა — თამაზ ბეროშვილმა, არჩილ რამინაშვილმა და დავით ბერძენიშვილმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. ტრაგიკულმა შემთხვევამ უმცროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე იმსხვერპლა.

„ორი უკვე გაეწერა, ხოლო ერთი კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარკვეული პროცედურების შემდეგ მას გაწერენ და ამბულატორიულ მკურნალობაზე გადაიყვანენ", — განაცხადა ქაშიბაძემ.

გიორგი მღებრიშვილმა დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა - Sputnik საქართველო
მღებრიშვილმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა

რაც შეეხება უკვე გაწერილ პაციენტებს, აფეთქების შედეგად მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღეს. მათ ოპერაცია გაუკეთეს და ჭრილობები უკვე შეხორცდათ, განმარტა ქაშიბაძემ.

შეძლებენ თუ არა დაშავებულები სამუშაოზე დაბრუნებას – სამედიცინო კომისიის დასკვნაზეა დამოუკიდებული, განაცხადა მან.

ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 124-ე მუხლით („ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით"), რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0