ALLO TAXI!..

CC BY 2.0 / Leonid Mamchenkov / Taxiტაქსი, არქივის ფოტო
ტაქსი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაო კვირა „სასიამოვნო“ სიურპრიზით დაიწყო... არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ჩემი ბიუჯეტი დღიურად მინიმუმ კიდევ ორი ლარით შემცირდა...

ვიცი, ეს არც ბევრია და არც ცოტა, შესაძლოა ბრძანოთ, ვისთვის როგორ… საპასუხოდ ერთი უფროსი მეგობრის სიტყვებს გავიხსენებ – საქართველოში ახლა ყველა ტირისო, მავანი უპურობას და მავანიც უშუბობასო… არ არის საკამათო, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების ეპოქაში ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება. თავად ფინანსური პრობლემების გამო წუწუნი და, მით უფრო, ტირილი არ მჩვევია, წლების მანძილზე შევეგუე და ახლაც მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე… დროა მიკიბულ-მოკიბულად თხრობას მოვეშვა და პირდაპირ სათქმელზე გადავიდე: უკვე მრავალი წელია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქალაქში ფეხით ვმოძრაობ, ან მსუბუქი ავტომობილით, ტაქსით გადავაადგილდები. არავინ იფიქროს, რომ ცხოვრებამ გამანებივრა და კომფორტს ვარ ჩვეული… საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას განსაკუთრებული ნებისყოფა სჭირდება, ამტანი უნდა იყო, ამტანი! ზაფხულში ცხელა, ზამთარში ცივა, არც ის არის გამორიცხული, რომ წვიმიან ამინდში თანამოქალაქის ქოლგა სხეულის უხერხულ ადგილას იგრძნო… და, კიდევ, სწორედ აქ იგრძნობ მთელი სიდიადით ჩვენში არსებული პირადი ჰიგიენის პრობლემას. ერთი სიტყვით, მრავალი მიზეზის გამო დღის განმავლობაში, სულ ცოტა, მარშრუტით სახლი-სამსახური-სახლი ტაქსით ვმგზავრობ… ასე იყო ამჯერადაც, ნაცნობ კომპანიას დავუკავშირდი და ოპერატორთან შეკვეთა გავაფორმე. კომპანიის წარმომადგენელმა დელიკატურად მომიბოდიშა და მითხრა, რომ მგზავრობის ღირებულება 1 ლარით გაძვირდა. სხვა გზა არ მქონდა და ახალ რეალობას დავყაბულდი… მოკლედ და კონკრეტულად, თბილისში ტაქსტების ტარიფმა ისევ მოიმატა და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს. მაინც რამ გამოიწვია ფასების მომატება? სავარაუდოდ, მიზეზი რამდენიმე ფაქტორია…

Монеты биткоин в центре криптовалюты в Париже - Sputnik საქართველო
ბიტკოინი – ვირტუალური ფული და გაკოტრების რეალური საფრთხე!..

როგორც მძღოლები და ტაქსის გამოძახების სერვისის მქონე კომპანიები აცხადებენ, აღნიშნული ზრდა, სხვა მიზეზებთან ერთად, სახელმწიფოში არსებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა ფონმა განაპირობა. აღნიშნავენ, რომ ისინი იძულებული გახდნენ მომსახურება გაეძვირებინათ… აქვე დავძენ, რომ ტაქსით მგზავრობის ტარიფი პერმანენტულად იზრდება გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული. თავად ამ მომსახურების წარმომადგენლების თქმით, ფასების ზრდის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ტაქსის გამოძახების ავტომატიზებული სისტემების განვითარება. ამ ტექნოლოგიის დანერგვა და გამოყენება დამატებით დანახარჯებს მოითხოვს. ცალკეულ კომპანიათა მესვეურები აცხადებენ, რომ ახალი სისტემა მძღოლს ავტომატურად აჭრის ყოველი მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის განკუთვნილი თანხის 7-12 პროცენტს. მაგალითად, თუ ადრე მძღოლი ასრულებდა 3 ლარის ღირებულების დაკვეთას და იხდიდა მხოლოდ რაციის ე.წ. სააბონენტოს, პროგრამულად შესრულებული დაკვეთების შემთხვევაში მას 2 ლარი და 70 თეთრი რჩება. ე.ი. წაგებაშია. აქედან გამომდინარე, მძღოლები ხშირად უარს ამბობენ 3-4 ლარიანი დაკვეთების შესრულებაზე. ტარიფების მატების პირველი ეტაპიც სწორედ ამან განაპირობა.

პირამიდა დოლარზე - Sputnik საქართველო
კარგად დაფიქრდი, სანამ ისკუპებ: „ფინანსური პირამიდა“, ანუ შეიტანო თუ არ შეიტანო?!

მრავალ მიზეზთა შორის სახელდება ბაზარზე ამ ბიზნესის უკონტროლობა, რეგულაციების არქონა. ტაქსისტების ლიცენზირებაზე ახალი არაფერი ისმის და ამ სფეროს ისევ არავინ აქცევს ყურადღებას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვის სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე. შესაძლოა მკითხველმა მიმითითოს, რომ ნებისმიერი ის რეგულაცია, რომელიც მძღოლების ან კომპანიების ხარჯებს გაზრდის, მყისიერად გააძვირებს მომსახურების საფასურს. არ ვიკამათებ, უთუოდ ასეა, მაგრამ ვიტყვი, რომ ნებისმიერი არაკონტროლირებადი საქმიანობა სერიოზულ რისკებსაც შეიცავს. ამ შემთხვევაში მაღალია უსაფრთხოების ნორმების დარღვევის ალბათობა, რადგან ჯერ არავინ ამოწმებს არც მანქანების გამართულობას და არც მძღოლების ფსიქიკურ მდგომარეობას. ეს ყველაფერი ცალკე მსჯელობის თემაა და მას უახლოეს მომავალში დავუბრუნდები. ახლა კი ამ სტატიის მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ. მგზავრობის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობაა. ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს საწვავისა და ავტონაწილების ღირებულებაზე. ფასების მატება მოთხოვნის შემცირებაზე ჯერჯერობით არ ასახულა. რაც შეეხება იმას, უნდა ველოდოთ თუ არა ტარიფის მატებას უახლოეს მომავალში, ექსპერტთა აზრით, ეს ისევ ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული…

მშრალი ხიდი - Sputnik საქართველო
გაძვირებული ცხოვრება და მომავლის ხარჯები...

ტარიფები დგინდება ბაზრის რეალობის მიხედვით, რაც მოთხოვნის და შეთავაზების ბალანსია. კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ საშუალო საბაზრო ღირებულებას, მაგრამ მათგან მანქანების მიწოდება ხშირად უფრო იაფია. აქედან გამომდინარე, უფრო იაფია მინიმალური მგზავრობის ფასიც. კომპანიებს ასეთი ფასების შემოთავაზების საშუალებას აძლევს შეკვეთების განაწილების „ჭკვიანი“ ალგორითმი, რომელიც ითვლის მანძილს მგზავრამდე ოპტიმალური მარშრუტით, საცობების გათვალისწინებით და შეკვეთას ავტომატურად იღებს ის მძღოლი, რომელიც ყველაზე ახლოს არის მგზავრთან. ეს ამცირებს მძღოლის უსაქმოდ ყოფნის დროს და საშუალებას აძლევს უფრო მეტი შეკვეთა შეასრულოს დღეში.

თბილისი - Sputnik საქართველო
თავისუფალი მსესხებელი და დაკარგული უძრავი ქონება...

ტარიფების მატების თავიანთი მიზეზები აქვთ იმ მძღოლებს, რომლებიც დამოუკიდებლად სთავაზობენ მომხმარებლებს სერვისს. ამის შესახებ მაშინ შევიტყვე, როცა საღამოს სამსახურიდან შინისკენ მიმავალმა კომპანიას არ მივმართე და ე.წ. „პაპუტნი“ ტაქსი გავაჩერე… ბატონი გურამი უკვე რამდენიმე წელია ტაქსის მძღოლია. მითხრა, რომ ამ საქმეს მიეჩვია და ახლა სხვა რამის კეთება ვეღარ წარმოუდგენია. „ფასი, სულ მცირე, 1 ლარით გაიზარდა. ლოგიკურია, რომ ფასები იმატებს. ჩვენ ფიქსირებული ტარიფები არ გვაქვს, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ კომპანიები ფასს მაღლა სწევენ, ჩვენც ვაძვირებთ. თუმცა, ჩვენთან ყველაფერი მაინც კლიენტთან შეთანხმებით ხდება, ამიტომ ვისაც როგორ უღირს, ისე იქცევა. როდესაც კომპანიას გლდანიდან მუხიანში გასვლაზე 4 ლარი აქვს დაწესებული, ის ამაზე დაბალ ფასად არ წაიყვანს მგზავრს. მე კი, თუ გზა მაინც იქით მაქვს, 2 ლარადაც შეიძლება წავიყვანო“, – განმიმარტა ბატონმა გურამმა…

აქ დავასრულებ თხრობას და მშვიდობიან მგზავრობას ვუსურვებ ყველას, ვისაც ჯიბე ჯერ კიდევ აძლევს ტაქსით მოძრაობის საშუალებას.

ყველა ახალი ამბავი
0