სპელეოლოგების აღმოჩენა - ჭიათურის რაიონში ახალი ბუნებრივი ჭა აღმოაჩინეს

© FB / TbilisiStateUniversityახალი ბუნებრივი ჭა
ახალი ბუნებრივი ჭა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არც სამეცნიერო წყაროებში, არც ბუნებრივი რელიეფის კადასტრში არ იყო არანაირი ინფორმაცია ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში ჭის არსებობის შესახებ.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალგაზრდულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ახალი ბუნებრივი ჭა — გამოქვაბულში არის საინტერესო და ლამაზი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, სტალაგნატები, მიწისქვეშა ტბები, მდინარეები.

ექსპედიცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, გიორგი დვალაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

პრომეთეს მღვიმე - Sputnik საქართველო
ტურისტები საქართველოში უპირატესობას პრომეთეს მღვიმეს ანიჭებენ

საველე სამუშაოების დროს ექსპედიციის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყვეს, რომ ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში არის კლდე, საიდანაც წყლის ხმა მოისმის.

სპელეოლოგები გიორგი წიწვიძე და ლადო მუმლაძე სპელეოობიექტში წავიდნენ და აღმოაჩინეს ახალი ბუნებრივი ჭა, რომლის სიმაღლე 40 მეტრია. მას "დათას ჭა" უწოდეს. არც სამეცნიერო წყაროებში, არც ბუნებრივი რელიეფის კადასტრში არ იყო არანაირი ინფორმაცია ამ ჭის არსებობის შესახებ.

უახლოეს პერიოდში ამ ადგილას კვლევითი ექსპედიციის ჩატარება იგეგმება.

პროექტი "სპელეოტურიზმის განვითარება" ზემო იმერეთში ხორციელდება "ბავშვებისა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ხვალინდელი დღის" მხარდაჭერით.

პროექტი მიმართულია საქართველოში სპელეოგიდების სერვისის განვითარებაზე. ისინი ვიზიტორებს ზემო იმერეთის გამოქვაბულებში უსაფრთხოდ გადაადგილებაში ეხმარებიან. პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდება ბანერები. მეცნიერები აპირებენ, პოპულარიზება გაუწიონ სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0