თაკო ნაცვლიშვილი Victoria's Secret-ის კასტინგზე ფინალში გავიდა

© photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაკო ნაცვლიშვილი შესაძლოა „ვიქტორია სეკრეტის“ 25 ახალ მოდელს შორის მოხვდეს, რომლებიც შანხაის გრანდიოზულ შოუში მიიღებენ მონაწილეობას.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი თეთრეულის ცნობილი ბრენდის, Victoria's Secret-ის კასტინგის ფინალში გავიდა, რის შესახებაც მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.

ნაცვლიშვილმა 18 აგვისტოს მიიღო მონაწილეობა კასტინგში, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ქართველმა მოდელმა შეიტყო, რომ შესარჩევ ტურში გავიდა.

ცნობილია, რომ Victoria's Secret-მა 25 ახალი მოდელი უნდა აარჩიოს ყველაზე მასშტაბური შოუსთვის, რომელიც ნოემბერში შანხაიში ჩატარდება. შეძლებს თუ არა ნაცვლიშვილი, მოხვდეს ამ „ოქროს სიაში“, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

„ყველას უღრმესი მადლობა! მართლა ძალიან მახარებს თქვენი მხარდაჭერა და ვაფასებ რომ ესე მიდგახართ გვერდში, ფინალურ ტურში გადასვლაზე არანაკლებ მიხარია თქვენი გულშემატკივრობა!"— მიმართა მოდელმა საკუთარ ქომაგებს.

სოციალურ ქსელებში თაკოს თაყვანისმცემლები მის მხარდასაჭერად ავრცელებენ ჰეშთეგს #vsfs2017tako.

აღსანიშნავია, რომ თაკო ნაცვლიშვილი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოდის სამყაროში. 2016 წლის იანვარში მან მონაწილეობა მიიღო პარიზის მოდის კვირეულში. Haute Couture-ს ჩვენებაზე თაკო ცნობილი ლიბანელი მოდელიერის, ზაუჰაირ მურადის სამოსში გამოჩნდა.

მანამდე კი, 2015 წლის ოქტომბერში ის საქორწილო კოლექციის სახე გახდა. ამას გარდა, თაკო ნაცვლიშვილი „ჯორჯო არმანის“ პრეტ-ა-პორტე ხაზის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახეც იყო.

თაკო ნაცვლიშვილი ქართველი მოდელისა და სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამაარსებლის, ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთი ცნობილი მოდელების ჩვენებებში, როგორებიც არიან: Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.

თაკო ამშვენებდა ჟურნალების: Vogue და Harper"s Bazaar-ის ყდებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0