10:02 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ქართველი წყალზე მაშველები ბათუმში

ბათუმში წყალზე მაშველები მადლობის სიგელებით დააჯილდოეს

© Ministry of Internal Affairs of Georgia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
8 0 0

15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდა

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ბათუმში 15 წყალზე მაშველი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის მადლობის სიგელებით დააჯილდოეს, აღნიშნულია უწყების პრეს–ცენტრის განცხადებაში.

მაშველებს მადლობის სიგელები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ გადასცეს.

საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ შსს-ს მაშველებმა წელს, მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების 300-მდე მოქალაქე გადაარჩინეს, მათი უმეტესობა ნაპირზე 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.

ასევე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ამავე პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 200-მდე დაკარგული ბავშვი იპოვეს და მშობლებს უვნებლად დაუბრუნეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ წლევანდელი საზღვაო სეზონისთვის 135 მაშველი შეარჩია და გადაამზადა. ასევე გარემონტდა თორმეტი მცურავი საშუალება. მოქალაქეების უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, ზღვაში საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები განთავსდა, სამაშველო საგუშაგოები თანამედროვე საზღვაო-სამაშველო ინვენტარით აღიჭურვა, სანაპირო ზოლში კი ქართული და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ბანერები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც დამსვენებლებს ცურვისთვის სახიფათო ადგილების შესახებ აფრთხილებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ მთავრობის სხდომაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები პროფესიონალიზმისთვის შეაქო და ამ სტრუქტურის გაძლიერების შესახებ ისაუბრა. მთავრობის თავმჯდომარემ მაშველების გმირობა აღნიშნა, რომლებიც ყოველდღიურად ადამიანებს შავი ზღვის სანაპიროზე ეხმარებიან.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა პლაჟზე 24- საათიან რეჟიმში მორიგეობენ.

 

მთავარი თემები