21:26 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ზვიად გამსახურდია

გამსახურდიას ოჯახი უკმაყოფილოა ექს-პრეზიდენტის საქმის გამოძიების მსვლელობით

© Sputnik/ РИА Новости
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

ადვოკატი აბსურდს უწოდებს ფაქტს, რომ ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახი უფლებამონაცვლედ აღიარებული არ არის.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს პირველი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახმა მთავარ პროკურატურას გამსახურდიას უფლებამონაცვლედ ცნობის თხოვნით მიმართა, განაცხადა ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

გამსახურდია 1993 წელს სოფელ ძველ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. პრეზიდენტის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას მისი ოჯახი არ იზიარებს. 2015 წელს პროკურატურამ გამოძიება განაახლა, საქმის კვალიფიკაცია შეცვალა და  „მკვლელობის“ მუხლით დაიწყო.

„ამ დრომდე გამსახურდიას ოჯახის არცერთი წევრი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ აღიარებული არ არის. ეს, ერთი მხრივ უსამართლობაა, იურიდიული თვალსაზრისით კი აბსურდი, რადგანაც თუ არის მკვლელობა და მოკლული, მაშინ კანონით, უნდა იყოს მოკლულის უფლებამონაცვლე“, — განაცხადა გიგუაშვილმა. 

თუ მთავარი პროკურატურა გამსახურდიას ოჯახს მის უფლებამონაცვლედ არ აღიარებს, ის ამას სასამართლო გზით შეეცდება, აღნიშნა ადვოკატმა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც "თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში.

1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა, სადაც იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.


მთავარი თემები