05:54 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
წიგნები

სოფელ თივში თანამედროვე ბიბლიოთეკის, თელავში კი კვლევითი მეურნეობის მოწყობა იგეგმება

© Fotolia/ Pakhnyushchyy
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

გიორგი აბაშიშვილი კახეთის რეგიონში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ახალი პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და პროექტის მონაწილეებს შეხვდა

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ყვარლის რაიონის სოფელ თივში თანამედროვე ბიბლიოთეკისა და თელავში კვლევითი მეურნეობის მოწყობა იგეგმება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიბლიოთეკა ინტერნეტითა და კომპიუტერებით სექტემბერში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში მოეწყობა. პროექტი ყვარლის რაიონში პირველად ხორციელდება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ყვარლის რაიონში პირველია და ხორციელდება სწორედ ისეთ სოფლებში, სადაც არ არსებობს წვდომა ინტერნეტთან და ინფორმაციასთან. ეს ბიბლიოთეკა კი საშუალებას მისცემს სოფლის მცხოვრებლებს ისარგებლონ ბიბლიოთეკის, როგორც ერთგვარი საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის შესაძლებლობებით.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უკვე რამდენიმე წელია აფინანსებს სოფლის ბიბლიოთეკების გაძლიერების პროექტს "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას".

გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ვენახი გაშენდება, რომელშიც წარმოდგენილი იქნება კახური ვაზის ჯიშები, აგრეთვე ინტროდიცირებული სასუფრე ვაზის ჯიშები.

საცდელ მეურნეობაში ძირითადად დასაქმდებიან აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და იგი გახდება სასწავლო-სამეცნიერო კვლევის ობიექტი, რომელშიც სტუდენტები ვაზის განვითარების სრულ ციკლს და მასთან დაკავშირებულ აგროტექნიკურ ღონისძიებებს შეისწავლიან.

გიორგი აბაშიშვილი კახეთის რეგიონში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული ახალი პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და პროექტის მონაწილეებს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ადგილზე გაეცნო საცდელ მეურნეობაში მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს და პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე დაჰპირდა პროექტის მენეჯერებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კვლევითი მეურნეობისათვის აგროტექნიკის შესაძენედაც გამოყოფს გარკვეულ თანხას, რათა ხელი შეუწყოს მეურნეობაში ყველა აგროტექნიკური ოპერაციების თანამედროვე ტექნოლოგიით ჩატარებას.

 

მთავარი თემები