20:39 27 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
პოლიციის შენობა

თორდია vs ფარცხალაძე: დაიკითხა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი

© Sputnik/ Александр Имедашвили
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
3401

საქართველოში მიმდინარეობს გამოძიება გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტზე.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიასა და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ჩხუბის საქმესთან დაკავშირებით პოლიციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი და ფარცხალაძის დაცვის წევრები დაკითხა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

თორდიასა და ფარცხალაძეს შორის ინციდენტი 12 მაისს შარდენის ქუჩაზე ღამის კლუბ El Centro-ში მოხდა. თორდიამ, რომელიც ჩხუბის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა, თავდასხმაში ფარცხალაძე დაადანაშაულა და მომხდარი მის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშირა. იმ საღამოს ფარცხალაძეს ჩოხელი და მისი დაცვის წევრები ახლდნენ.

 „თორდია-ფარცხალაძის საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები, რომელთა ფარგლებში დაკითხულია არა ერთი პირი, მათ შორის, მიხეილ ჩოხელი და ოთარ ფარცხალაძის დაცვის წევრები“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ პოლიციას ჩვენება ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მისცა. ფარცხალაძე კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ მან თორდია სცემა, მეტიც, ის მიიჩნევს, რომ ინციდენტი საერთოდ არ მომხდარა.

თორდია-ფარცხალაძის ინციდენტმა ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მიიღო. ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პოლიციას მომხდარის გამოძიება უმოკლეს ვადებში მოსთხოვა. ოპოზიციურმა პარტიებმა მოითხოვეს დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც ამ ინციდენტს გამოიძიებს, იმ მოტივით, რომ თორდია მაღალ სახელმწიფო პოსტს იკავებს. 

 „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კოლეგებს მოუწოდეს, რომ საქმის გამოძიებას დაელოდონ. მასმედიასთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კომისიის შექმნა არ გამორიცხა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია გამოძიებას ვერ გაუმკლავდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა ოთხშაბათს გაავრცელეს განცხადება, სადაც თორდიას მხარდაჭერას უცხადებენ და მომხდარი მათ საქმიანობაში ჩარევად შეაფასეს.

მომხდარის ოფიციალური ვერსია არ არსებობს, მაგრამ მასმედია ავრცელებს ინფორმაციას მიზეზებზე, რომელთა გამო შეიძლებოდა მომხდარიყო ჩხუბი თორდიასა და ფარცხალაძეს შორის.

უახლოეს მომავალში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყოფილი მთავარი პროკურორის  კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის გამოქვეყნებას გეგმავს. რაზე იქნება ანგარიში და ნახსენები იქნება თუ არა მასში რაიმე კორუფციული გარიგებები, ჯერჯერობით უცნობია.


მთავარი თემები