თბილისში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ჩაიშალა

© FB / СГУსოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხელახლა ჩატარდება, ამიტომ კანდიდატების რეგისტრაცია მალე დაიწყება.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. თბილისში მოქმედი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ბიულეტენების ნაწილის გაუქმების გამო ჩაიშალა, განაცხადეს უმაღლეს სასწავლებელში.

არჩევნების შედეგად გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმათა მინიმალური რაოდენობა (5) ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა და მეორე ტურში ორი კანდიდატი გადავიდა. მათ ორ-ორი ხმა დააგროვეს. ესენი არიან სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მარიამ მირესაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინდირა ძაგანია. თუმცა, მოგვიანებით გააუქმეს ექვსი ბიულეტენი, რაც არჩევნების ხელახლა ჩატარების მიზეზი გახდა.

უნივერსიტეტის ახალ რექტორს ირჩევდნენ აკადემიური საბჭოს შვიდი წევრი და უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი ჯონი აფაქიძე, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 25 მაისს ეწურება.

ახალი რექტორის თანამდებობაზე კანდიდატები ასევე იყვნენ თემურ ჩილაჩავა (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი), ავთანდილ ხაზალია (იმავე უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორი), ბელა ხაბეიშვილი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ფილოლოგიის დოქტორი) და დავით ჯალაღონია (სოხუმის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი).

მოძრაობა აუდიტორია 11-ის აქტივისტებმა პიკეტი მოაწყვეს ერთ-ერთ საარჩევნო იბანზე, სადაც პარასკევს დილიდან სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნები მიმდინარეობდა. - Sputnik საქართველო
თსუ-ს არჩევნებზე სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

როდის გაიმართება სოხუმის უნივერსიტეტის რექტორის ახალი არჩევნები, ჯერჯერობით უცნობია. კანდიდატების რეგისტრაციას უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბაზაზე 1989 წლის 14 მაისს შეიქმნა. ის უმაღლესი სასწავლო დაწესებულება და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრია.

უნივერსიტეტის პრიორიტეტებია ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითარება, როგორიცაა აფხაზოლოგია, ქართველოლოგია, არქეოლოგია, ზუსტი, საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ბიზნეს-ადმინისტრირება და განათლება.

ყველა ახალი ამბავი
0