საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

© FB/ Day of Georgian national garmentეროვნული სამოსის დღე
ეროვნული სამოსის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული სამოსის დღის ფარგლებში კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები მოეწყობა, სადაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და საქართველოს სტუმარს საკუთარი ეროვნული კოსტიუმით შეუძლია მონაწილეობის მიღება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ეროვნული სამოსის დღე საქართველოს გარდა დღეს უკვე უცხოეთშიც აღინიშნება, მის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდება.

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე მეორედ აღინიშნება. წელს მან უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო — ის გასცდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და ქართული სათვისტომოებისა და საქართველოს საელჩოების ორგანიზებით გაიმართება ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში, ლონდონში, დუბლინში, კიევში, თელ-ავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

© FB/ Arabuli Arthouse Traditional workshopეროვნული სამოსის დღე
ეროვნული სამოსის დღე - Sputnik საქართველო
ეროვნული სამოსის დღე

საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 25-მდე ქალაქში გაიმართება. ეს ქალაქებია: ქუთაისი, კასპი, თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, მცხეთა, ბათუმი, ახალქალაქი, ახალციხე-რაბათი, დუშეთი, ბოლნისი, ქარელი, ხაშური, ყვარელი, გურჯაანი, საგარეჯო, გორი, რუსთავი და სხვ.

დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან, აღნიშნულია ორგანიზატორების facebook-გვერდზე.

© FB/ ეროვნული სამოსის დღეეროვნული სამოსის დღე
ეროვნული სამოსის დღე - Sputnik საქართველო
ეროვნული სამოსის დღე

"მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება", — ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული სამოსის დღის ერთ-ერთი დამფუძნებლის დავით გოგლიჩიძის განცხადებით, კოსტიუმირებულ მსვლელობებში ქართველების გარდა ნებისმიერი ეროვნების ადამიანი თავისი ეროვნული კოსტიუმით შეძლებს მონაწილეობას.

"ეს იქნება დღესასწაული საზღვრების გარეშე, სადაც ღონისძიებებში და აღლუმებში თვითონ მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას", — აღნიშნავს ეროვნული სამოსის დღის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარი ონეზაშვილი.

თბილისში ღონისძიებები 16:00 საათზე დაიწყება. ევროპის მოედანზე გაიხსნება გამოფენები და მოეწყობა კოსტიუმირებული მსვლელობა (მეტეხის ხიდი — რიყე წრიულად).

ქართული სათავადაზნაურო ტანსაცმლის გამოფენა - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული სამოსის დღეს ისტორია გაცოცხლდება

17:00 გამართება ფოლკლორული კონცერტი, ხოლო 20:00 საათზე დაიწყება გალა–კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ ნიაზ დიასამიძე და „33“, „სუხიშვილები“ (ახალგაზრდა თაობა), ანსამბლი "ჩვენებურები", ანსამბლი "მუხამბაზი", გაიმართება "შავფაროსნების" საჩვენებელი შოუ.

ქართული ეროვნული სამოსის დღის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ეროვნული სამოსის დღის დაწესება ხელს შეუწყობს ასევე ქართული რეწვის განვითარებას და ამ დარგის გადარჩენას. დააინტერესებს უცხოურ მედიას, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ 18 მაისი მსოფლიო ტურისტულ კალენდარში ჩაინიშნოს და მეტი ტურისტი დააინტერესოს ჩვენი ქვეყნით, ისტორიითა და კულტურით.

ღონისძიება საქართველოში სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება.

ქართულ ეროვნულ სამოსს საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ქართველი, რომელი სოციალური ფენის წარმომადგენელიც არ უნდა ყოფილიყო, თავის ჩაცმულობას დიდ ყურადღებას აქცევდა. ამას ადასტურებს სხვადასხვა ისტორიული წყაროები, ე.წ. მზითვის წიგნები, უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერები…

ძველ ქართულ წერილობით წყაროებში ჩაცმულობას უწოდებდნენ სამოსს, სამოსელს, შესამოსელს, ტანცმას, ტან-ფეხს, ტანსამოსს, ტანსაცმელს, ჩასაცმელს, ჩასაცვამ-დასახურს, ტანთს, ტალავარს, ტარავალს, ლერექუს და სხვა.

© FB/ Levka Kilasoniaეროვნული სამოსის დღე
ეროვნული სამოსის დღე - Sputnik საქართველო
ეროვნული სამოსის დღე

ქართული სამოსი დროთა განმავლობაში განიცდიდა უცხო ქვეყნების გავლენას, მაგრამ ძირითადი სახე მაინც შეინარჩუნა.

მიუხედავად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაცმულობაში განსხვავებებისა, XVIII–XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართული კლასიკური სამოსის ზოგადი სახეობა – ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი, და ქალის გრძელი კაბა, რომელსაც სარტყელი და ჩიხტი-კოპი ამშვენებს. ეს კოსტიუმი მთელ საქართველოში გავრცელდა (განსაკუთრებით დიდგვაროვანთა წრეში).

 

ყველა ახალი ამბავი
0