04:30 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოს პროკურატურა

„ცენტრ პოინტის“ დირექტორი მაია რჩეულიშვილი კიდევ ერთ დანაშაულში ამხილეს

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
6001

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დირექტორი მაია რჩეულიშვილი და კომპანია „დიღომი დისთრიქთ აპართმენთის“ საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ჟორდანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია, ახალ საქმეზე მისცეს პასუხისგებაში — ის ბრალდებულია მეწილეების თანხის მითვისებაში.

რჩეულიშვილთან ერთად ბრალდებულია ასევე კომპანია „დიღომი დისთრიქთ აპართმენთის“ საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ჟორდანია. ის დაკავებული არ არის, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

საუბარია თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელ სახლზე. სახლის მშენებლობა დასრულებული არ არის.

გამოძიება ამტკიცებს, რომ 2014 წლის ბოლოს მაია რჩეულიშვილი, რომელიც იმ დროს შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ დირექტორი იყო, შეუთანხმდა ამავე საზოგადოების საორგანიზაციო განყოფილების უფროს ქეთევან ჟორდანიას, რათა ის დაკავშირებოდა შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ მშენებარე ობიექტების მენაშენეებს და თითქოსდა მათი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და მშენებარე ობიექტზე კომუნიკაციების შესაყვანად თითოეული მათგანისგან 1 870 ლარი აეღო.

ორი წლის განმავლობაში ჟორდანიამ შეაგროვა 258 092 ლარი, აქედან საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის გადარიცხეს მხოლოდ 21 915 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა — 236 177 ლარი მაია რჩეულიშვილმა ქეთევან ჟორდანიას დახმარებით მიითვისა.

სისხლის სამართლის საქმე რჩეულიშვილისა და ჟორდანიას მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით „დიდი ოდენობით თაღლითობა“, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მაია რჩეულიშვილი თავის ვაჟ გურამ რჩეულიშვილთან ერთად ბათუმში ორი საცხოვრებელი სახლისა და საცხოვრებელი კომპლექსი „თეთრი მაგნოლიას“ მშენებლობის დროს თანხის გაფლანგვის საქმეზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საქართველოს პროკურატურა სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელობას მენაშენეთა კუთვნილი 20 მილიონამდე აშშ დოლარის გაფლანგვაში სდებს ბრალს.

მაია რჩეულიშვილს ასევე ბრალად ედება თაღლითობა და ამხანაგობა „თაბუკაშვილი-88“-ის წევრების ფულის მითვისება (2 მლნ აშშ დოლარი და 2,4 მლნ ლარი). პროკურატურის მონაცემებით, ამხანაგობის წევრებმა 2004-2009 წლებში ბინების მშენებლობაში 27,7 მლნ აშშ დოლარი ჩადეს, თუმცა ბინები დღემდე არ მიუღიათ.

მთავარი თემები