ხმაური რუსთავის „აზოტის“ ქარხანაში : ყოფილი თანამშრომლები მთელი დღე აქციას მართავდნენ

© FB / Объединенные профсоюзы Грузииსაპროტესტი აქცია აზოტის ქარხანაში
საპროტესტი აქცია აზოტის ქარხანაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქიმიური ქარხანა „აზოტის“ ადმინისტრაციული შენობიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც იქ სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით შეიჭრნენ.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. რუსთავში ქიმიური ქარხანა „აზოტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს, ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრაც მოახერხეს და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

2016 წლის სექტემბერში სააქციო საზოგადოება EU Investment–ი ქარხნის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. მიმდინარე წლის იანვარში თანამშრომელთა რიცხვი შეამცირეს, რამაც პროტესტი გამოიწვია. ყოფილი თანამშრომლები მათთვის სამუშაო ადგილების დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა მათმა კოლეგებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოუცხადეს.

საპროტესტო აქცია ქარხნის ტერიტორიის მახლობლად მიმდინარეობდა, რადგან შიგნით მათ დაცვა არ უშვებდა, მაგრამ შუადღეს მომიტინგეთა ნაწილმა ჯებირები ძალით გაარღვია. ისინი ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ, მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. პოლიციამ აქციის მონაწილეები შენობიდან ძალით გამოიყვანა.

 „შიგნით ვიყავით. ისინი შემოვარდნენ და ცემა დაგვიწყეს. ჩენ ისედაც გამოვდიოდით, მაგრამ მაინც გვცემდნენ“, — ყვება აქციის ერთ–ერთი მონაწილე.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია ამტკიცებს, რომ კომპანიაში სინამდვილეში სახელწოდების გარდა არაფერი შეცვლილა.

 „მენეჯმენტში იგივე ადამიანები რჩებიან, რომლებიც ადრე იყვნენ. ისინი ხალხს ეთამაშებიან. მათ არ აფრთხილებენ, წინასწარ არაფერს ეუბნებიან, მერე კი უკვირთ, რატომ არის ხალხი ასე დაძაბული“, — განაცხადა ალექსანდრიამ.

 „აზოტის“ ქარხანაში ამტკიცებენ, რომ თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ. რეორგანიზაციის შემდეგ კონტრაქტები იმდენ ადამიანთან გააფორმეს, რამდენი მუშის აყვანაც მათ სჭირდებოდა, ანუ 2010 თანამშრომელთან. დანარჩენ 340 თანამშრომელს კომპანია მზადაა კომპენსაცია გადაუხადოს.

 „კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი იმდენ თანამშრომელთან, რამდენიც ამ ეტაპზე საჭირო იყო. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ თუ ქარხანა მოცულობებს გაზრდიდა, ახალ თანამშრომლებს არ ავიყვანდით და მათ დავაბრუნებდით… კეთილი ნება გამოვხატეთ და მზად ვართ სამი თვის განმავლობაში მათ თვეში 500 ლარი ვუხადოთ“, — განაცხადა კომპანია „აზოტის“ დირექტორის მოადგილემ იოსებ გოზალიშვილმა.

საპროტესტო აქციის ჩატარება პარასკევს რუსთავის მერიის შენობასთან იგეგმება.


ყველა ახალი ამბავი
0