სვანეთში სულების კვირეული – „ლიფაანალ" დაიწყო

გამოწერა
უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, ყველა ტრადიციას რწმენასთან აქვს კავშირი, გარდა ბოროტებისა და კაცისკვლისა. ამიტომ მგონია, რომ არ უნდა დავკარგოთ კარგი, მისაღები ტრადიციები, რომელიც სიკეთითა და სინათლითაა გაჯერებული, ამბობს ლალი მარგიანი.

ლელა ზურებიანი, პორტალი Shin.ge.

ადრე ამ დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ. აბსოლუტურად ყველა საოჯახო ნივთი და ავეჯიც კი (სკამ-მაგიდა), რაც ხმარებაში ჰქონდა ოჯახს, ირეცხებოდა, იხეხებოდა. სამზადისი 18 იანვრის დილიდან იწყებოდა, რათა საღამოს სტუმრებისთვის სუფრა დაეხვედრებინათ. აღსანიშნავია, რომ სუფრაზე ყველა კერძი  სამარხვო უნდა ყოფილიყო. სვანების რწმენით, ამ საღამოს გარდაცვლილთა სულები თავიანთ ოჯახებს სტუმრობდნენ. 18 იანვრიდან მომდევნო ორშაბათამდე გრძელდებოდა სტუმრობა. ხდებოდა ისეც, რომ 18 რიცხვი თუ კვირა დღეს ემთხვეოდა, რიტუალი ერთდღიანი იყო… დღეს ეკლესია თვლის, რომ ეს არაა ქრისტიანული მიდგომა, ამიტომ „სულების კვირეულს“ ისეთი შემართებით აღარ აღნიშნავენ, თუმცა ტრადიცია მაინც გრძელდება. 

© Sputnik / Levan Avlabreliთამარ მეფის ძეგლი მესტიაში
თამარ მეფის ძეგლი მესტიაში - Sputnik საქართველო
თამარ მეფის ძეგლი მესტიაში

საკუთარ მოგონებებს გვიზიარებს სვანი მასწავლებელი ლალი მარგიანი:

„ახლა მე ისევ ბავშვობაში უნდა გადავვარდე და ჩემთვის მისტიკური, ზოგიერთი თანამედროვისთვის მიუღებელი, წარმართული სარიტუალო დღეები გავიხსენო. ვინც რა უნდა თქვას, არაფერი შავდებოდა ამით, მე დღესაც დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი, საკუთარი ოჯახი რომ მქონდეს.

მაშინ არდადეგები საახალწლოდ 24 დეკემბერს იწყებოდა და 11-12 იანვარამდე გრძელდებოდა.  ძველით ახალი წელიც მახსოვს სკოლაში! ყველა გაკვეთილზე ბავშვები კანფეტებით ვულოცავდით მასწავლებლებს ახალ წელს და გაკვეთილის ბოლოს ისინი ტკბილეულით დატვირთული სამასწავლებლოსკენ მიემართებოდნენ…. ჩვენ კი შესვენებებზე კანფეტებს ვესროდით ერთმანეთს და იყო ერთი ჟრიამული!

მაგრამ მე სულ სხვა რამე უნდა გავიხსენო — სულების მოხსენიების კვირეული, "ლიფაანალი’’, რომელიც ძველით ახალი წლის შემდეგ, 18 იანვრის საღამოს იწყებოდა. ამ დღეებისთვის ოჯახები განსაკუთრებით ემზადებოდნენ. სკოლიდან მისულს საოცარი სამზადისი მხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი იმერელია, ზედმიწევნით ასრულებდა ყველა წესს. ცხონებული ბებიაჩემი ხელს არ გაანძრევდა, მხოლოდ მითითებებს გასცემდა, მაგრამ დედას არ სჭირდებოდა რაიმეს შეხსენება. 

© Flickr / Sebastian Skoczypiecუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
უშგული

ჩვენ ვიცოდით, რომ რაც მზადდებოდა, იმისთვის ხელიც არ უნდა დაგვეკარებინა. იმ დღეებში  სახლში რაღაცნაირი განასკუთრებული სუნი იდგა,  ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებში რაღაცნაირი მოწიწება და მოკრძალება იგრძნობოდა და მრავალი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ნამდვილად ამ დღეებში ნამდვილად რაღაც მისტიური და განსაკუთრებული ხდებოდა.

ერთი სიტყვით, 18 იანვარს მაშინ არავინ მარხულობდა და რამდენიმემ თუ იცოდა, რომ ნათლისღების წინა დღე მძიმე მარხვა იყო. არადა, ამ დღეს სულ სამარხვო კერძები მზადდებოდა… როგორც ვთქვი, ოჯახში ყველამ იცოდა, რომ ეს კერძები საღამოსთვის „სტუმრებისთვის“ იყო განკუთვნილი.  საღამოსთვის თითქმის ყველაფერი მზად იყო, ბაბუა ცვილის სანთელს ჩამოქნიდა, დედა კი პურის ცხობას იწყებდა. პურები თხელი უნდა ყოფილიყო და თითით ჩხვლეტდნენ. რაც უფრო მეტი ნათითური იქნებოდა პურზე, მით უფრო მეტი „სტუმარი“ გაინაწილებსო — ასე ამბობდნენ ხალხში… 

© FB/ Vaxo Naverianiსვანეთი თოვლში
სვანეთი თოვლში - Sputnik საქართველო
სვანეთი თოვლში

პირველი პური აუცილებლად უნდა დაეტეხათ და გარეთ ფანჯრის რაფებზე დაელაგებინათ. პურის ცხობის შემდეგ, შებინდებისას იშლებოდა სუფრა, რომელზეც ყველაფერი ჭურჭლით იდგმებოდა და არც პური იჭრებოდა. მაგიდაზე დანა არ უნდა ყოფილიყო… ბებია ბავშვებს შუბლზე მურს გვისმევდა, ლოგინებზე დანებს ალაგებდა (სულები რომ არ გაკარებოდნენ ლოგინებს), ყველა კარს აღებდა. მაგიდასთან სკამებს ისე ალაგებდა, დაჯდომა რომ ყოფილიყო შესაძლებელი (გამოწევდა). ბაბუა ანთებულ სანთლებს ამაგრებდა კერძებზე, ქალები იჩოქებდნენ, ბავშვებს,,ფეჩის’’ კუთხესთან გვაყენებდნენ, მამაკაცები სასმისებს იღებდნენ და ბაბუა მასპინძლის შესაფერი სიტყვებით ხვდებოდა „სტუმრებს“, რომლებიც მე არასოდეს დამინახავს, მაგრამ ვგრძნობდი სხვა ატმოსფეროს. ბებიაც რაღაცას ბუტბუტებდა, ალბათ სულებს ეფერებოდა.

სანთლები ბოლომდე არ იწვებოდა — ის მთელი კვირის მანძილზე უნდა დაენთოთ. შემდეგ სუფრასთან ვსხდებოდით, იგონებდნენ მიცვალებულებს და ამ ღამით უნდა მოეყოლათ ზღაპრები, მეზობლები ერთმანეთთან უნდა მისულიყვნენ და არ შეიძლებოდა ხმამაღალი საუბარი, კამათი, ბავშვებიც კი არ ვხმაურობდით ხოლმე…  ამ პირველი საღამოს მისტიურობა იმაში მდგომარეობდა, რომ „სტუმრების“ მოსვლის დროს აუცილებლად წამოფიფქავდა. ბებია ამბობდა, რომ «სულები სუფთა თოვლზე გამოივლიანო“….

19 იანვარი ხსნილით იყო, ოთხშაბათი და პარასკევი — მარხვით. ხოლო შაბათს კვლავ ყველაფერი ახალი მზადდებოდა და „სტუმრები“,,ლალხორში’’ კრებაზე მიდიოდნენ. იქ წყდებოდა, წლის მანძილზე ვინ უნდა წაეყვანათ,,დიდ ქვეყანაში" — ასე ამბობდა ბებია. კვირას 4-5 საათისთვის ცხელი,,თაშმიჯაბი’’ (კარტოფილის და ყველის ნარევი) ან ფაფა უნდა დაეხვედრებინათ სიცივიდან დაბრუნებულთათვის. გვიან კი — ისევ ხორცეული და სხვა კერძები.

ორშაბათს გამთენიისას რიბირაბოში დგებოდა ან დედა, ან ბაბუა (სანამ ცოცხალი იყო, მერე მამა შეენაცვლა) და ისევ ის რიტუალი სრულდებოდა. მერე სანთლით და ერთი ჭიქა სასმელით, რომელსაც გზადაგზა ძირს ღვრიდნენ, ეზოში გამავალ კარებამდე მიდიოდნენ და ამბობდნენ:,,კარგი ფეხი დაგვიტოვეთ, თუ საკადრისად ვერ გიმასპინძლეთ, მოგვიტევეთო" — და სანთელს კარის მარჯვნივ მიამაგრებდნენ. სტუმრები გვტოვებდნენ და სახლში ჩვეული ატმოსფერო დგებოდა. 

© FB/ Vaxo Naverianiსვანური კოშკები თოვლში
სვანური კოშკები თოვლში - Sputnik საქართველო
სვანური კოშკები თოვლში

ახლაც, როდესაც იმ დროს ვიგონებ, რაღაცნაირი განცდა მეუფლება და იმ სუნის აღქმა მიბრუნდება, რომელიც კარგა ხანია არ მიგრძნია.

ტრადიციას ერთი კვირა ერქვა, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ 18 იანვარი ზოგჯერ სამშაბათს, ოთხშაბათს და ა.შ. ემთხვეოდა, ანუ მოკლე,,ლიფაანალი’’ იყო. მახსოვს, კვირა დღეს დაემთხვა და ყველაფერი, მოსვლა, ლალხორში წასვლა ამ ერთ საღამოში,,ჩაატიეს’’…. უფროსების გადმოცემით, ასეთი მოკლე,,ლიფაანალი’’ არ იყო კარგის საწინდარი…

ასეთი თარიღებისა და ტრადიციების შესახებ მესტიაში ჭიჭიკო მარგიანს ეკითხებოდნენ ხოლმე, რომლის წინაპარიც მღვდელი იყო…

ამ სვანურ ტრადიციაზე ჩემი ოჯახის მაგალითზე გიამბეთ.  სხვას შეიძლება სხვა ისტორია მოეთხრო, რადგან სვანეთის  სხვადასხვა რაიონში ამ რიტუალს განსხვავებულად ატარებენ. თუმცა, შიინაარსი ყველგასი ერთია — მიცვალებულთა სულების პატივისცემა. 

უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, ყველა ტრადიციას რწმენასთან აქვს კავშირი, გარდა ბოროტებისა და კაცისკვლისა. ამიტომ მგონია, რომ არ უნდა დავკარგოთ კარგი, მისაღები ტრადიციები, რომელიც სიკეთითა და სინათლითაა გაჯერებული…

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0