საქართველოში „ახალგაზრდულ“ საპატიმრო დაწესებულებას ააშენებენ

© photo: Sputnik / Denis Aslanovკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ამოქმედდება სპეციალური პროგრამები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლების შემდეგ მათ საზოგადოებაში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში იგეგმება ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებს მოათავსებენ, განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახი კახიშვილმა.

კახიშვილი სიტყვით გამოვიდა ოთხი საპარლამენტო კომიტეტის — იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის, პროცედურულ საკითხთა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

„სამომავლოდ გრანდიოზული გეგმები გვაქვს — იწყება უპრეცედენტო პროექტის განხორციელება, რაც 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენებას გულისხმობს. კარგად გვესმის, რომ ერთი კალენდარული დღე ბუნებაში არაფერს ცვლის, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე პატიმრის სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადაყვანა სწორი არ არის“, — განაცხადა კახიშვილმა.

პრობაციონერი - Sputnik საქართველო
საქართველოში მსჯავრდებულთა დასაქმება გრძელდება

დაწესებულება ევროკავშირის რეკომენდაციითა და დახმარებით აშენდება.

„ამ დაწესებულებაში ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ასაკის შესაბამისი ცალკეული პროგრამებით იმ მიზნით, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ მათი საზოგადოებაში სრულყოფილი ინტერგირება მოხდეს“, — აღნიშნა კახიშვილმა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, უწყებამ მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია ჩაატარა. რისკები შეფასდა 3 639 მსჯავრდებულის მიმართ.

„რისკი განისაზღვრა 3639 მსჯავრდებულის მიმართ. აქედან 203-ს — საშიშროების მაღალი რისკი აქვს, 3 265-ს – საშუალო, 158 მსჯავრდებულს — საშიშროების დაბალი რისკი, 13 მსჯავრდებულს — საშიშროების მომეტებული რისკი“, — განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით 18 ნოემბერს ამოეწურა უფლებამოსილება, მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდა. მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის პოსტზე წარადგინა. კვირიკაშვილმა მომავალ მთავრობაში წინა მინისტრთა უმეტესობა დატოვა. ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს შეეხო.

ყველა ახალი ამბავი
0